თბილისის “იბერიას” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისში “მალმიოსთან” 1:3 მარცხის შემდეგ, პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.
ლევან კორღალიძე: “რა თქმა უნდა, მარცხის შემდეგ რთულია ლაპარაკი. მიმაჩნია, რომ ასეთი ანგარიშით წასაგები თამაში არ იყო. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს და თქვენც ასეთი მარცხისთვის.
მიმაჩნია ისიც, რომ ჩვენი შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინეთ. ბევრად მეტი რესურსი გვაქვს. ყველა დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. მაგრამ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვარ.
არასოდეს მსაჯზე არაფერი არ მითქვამს, მაგრამ ასეთი მსაჯობა არ მინახავს. ყველა მნიშვნელოვან მომენტში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ვიმეორებ, ყველა დარტყმას საკუთარ თავზე ვიღებ.
შევთანხმდეთ, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ მინუსებიც აქვს და იმედია, რაც აქ ვერ მოვახერხეთ, იქ შევძლებთ და უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.
გუნდის შენება იოლი არ არის. ორი ლეგიონერი ახლახან მოვიდა და ორივეს გუნდთან შეთამაშება აკლია. შეიძლება თუ არა მეტი დრო მიიღონ საპასუხო მატჩში? ისინი სათამაშოდ მზად არიან. კარგია, რომ შემოვიდნენ და თამაშში გარდატეხა შემოიტანეს”





