ჩირო იმობილე, რომელმაც გასული სეზონი სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გაატარა, იტალიაში ბრუნდება და „ბოლონიას“ მაისურს მოირგებს. ჟურნალისტ ნიკოლა სკირას ინფორმაციით 35 წლის თავდამსხმელი თურქული კლუბიდან იტალიურში უფასოდ გადავა, რის შესახებ მხარეები უკვე შეთანხმდნენ. იმობილე „ბოლონიასთან“ კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს და წელიწადში ხელფასად 2 მილიონ ევროს მიიღებს.
იმობილე 2016-2024 წლებში რომის „ლაციოში“ თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 311 მატჩში 200 გოლი გაიტანა. ის რომაული კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. იმობილე ოთხჯერ იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ერთხელ ევროპის საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ მოიგო.
მან იტალიის ნაკრებთან ერთად, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 57 მატჩში 17 გოლი გაიტანა ევრო 2020 მოიგო.





