რაც ვერ შეძლეს კევინ დურანტმა და ჯეიმს ჰარდენმა, შეი გილჯეს ალექსანდერმა და მისმა პარტნიორებმა მოახერხეს – “ოკლაჰომა სიტი თანდერმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობის მოპოვება 2025 წელს მოახერხა!
წლევანდელი სუპერფინალური სერიის მეშვიდე მატჩში, “ოკლაჰომამ” “ინდიანა პეისერზს” საკუთარ “პეიკომ არენაზე” უმასპინძლა 103:91 დაამარცხა და ნბა-ს საჩემპიონო ბეჭდების მფლობელია გახდა.
გადამწყვეტი შეხვედრის პირველი მეოთხედში ინდიანაპოლისელთა ლიდერმა ტაირეზ ჰალიბარტონმა უწყინარ სიტუაციაში აქილევსის მყესი გაიწყვიტა და საკალათბურთო პარკეტს ცხრა თვით დაემშვიდობა.
ოკლაჰომამ საწყისი პერიოდი 25:22 მოიგო, პირველი ტაიმი კი 47:48 დათმო. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომლის მსვლელობისას ოკლაჰომელებმა დიდ უპირატესობას მიაღწიეს და საჩემპიონო ტიტული დამსახურებულად დაისაკუთრეს.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი და პლეი ოფის MVP შეი გილჯეს ალექსანდერი გახდა. მან სერიის მეშვიდე მატჩში 29 ქულა, 5 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. კანადელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ოკლაჰომელთა ორნომრიანი მაისურათი მოთამაშე ვარსკვლავი მაიკლ ჯორდანის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელმაც საკუთარ გუნდს მოუტანა ჩემპიონობა, გახდა რეგულარული სეზონის MVP, ფინალების MVP და ასოციაციაში სეზონის საუკეთესო ჩუბინიც შეიქნა.
ოკლაჰომელთა ლიდერის მსგავსად კარგი თამაში ჩაატარეს ჯეილენ უილიამსმა და ჩეთ ჰოლმგრენმა. პირველის აქტივში 20 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო, ხოლო ჰოლმგრენმა 18 ქულას პლეი ოფის მეშვიდე მატჩში სარეკორდო 5 დაფარება მიამატა.
შეხსენებისთვის “ოკლაჰომა” ნბა-ში “სიეტლ სუპერსონიკსის” მემკვიდრეა (2008 წლიდან), სიეტლელები კი ასოციაციის ჩემპიონები 1979 წელს გახდნენ.
გოჩა კაჭარავა
