ფლორიან ვირცი: „ეს მოხდა და მართლაც ვღელავ“

0
5

„ლივერპულის“ ახალწვეული ფლორიან ვირცი ახალი თავგადასავლის მოლოდინით აღელვებულია. გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ამის შესახებ ინგლისურ გრანდთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა. „ლივერპულმა“ 22 წლის ვირცის სანაცვლოდ ლევერკუზენის „ბაიერს“ 136,3 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც არა მხოლოდ კლუბის, არამედ, პრემიერლიგის ისტორიაში რეკორდული სატრანსფერო თანხაა.
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ბოლოს და ბოლოს ეს მოხდა. მართლაც ვღელავ იმის გამო, რომ ახალი თავგადასავალი მელოდება. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან რაღაც სრულებით ახალი მინდა – ბუნდესლიგიდან წასვლა და პრემიერლიგაში თამაში. ვნახოთ, ეს როგორ გამომივა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. პირველ თამაშს მოუთმენლად ველოდები“ – იუწყება ვირცის ნთქვამს „ლივერპულის“ პრესსამსახური.
ვირცი „ბაიერში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 197 მატჩში 57 გოლი გაიტანა. ის 2023-2024 წლების სეზონში გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შარშან, მან ლევერკუზენელებთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი და თასი დაუმარცხებლად მოიგო. გარდა ამისა, „ბაიერი“ ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ბერგამოს „ატალანტასთან“ წააგო.
ვირცმა გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 31 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი