ლაღი ფეხბურთის მახარებელი

0
35

მახარებელო დილის ნიავო
შენი სავანე, მითხარ, სად არის?
ჰაფეზი, ღაზალები

ყველა თამაში რამეს გაგონებს, ყველა თამაშს ხომ თავისი დრო აქვს. საბედნიეროდ, ფეხბურთს ჯერ კიდევ შერჩენია რაღაც ამოუხსნელი, რის გამოც მის მიმართ გულგრილი ვერ იქნები. თამაში ჩვენი მღელვარებისა, რომელსაც არა მხოლოდ უნდა უყურო, უნდა დაინახო.
ადამიანები იმისთვის ცხოვრობენ, რომ ბედნიერები იყვნენ და ფეხბურთს შეუძლია იყოს ბედნიერების მომნიჭებელი.
საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის უყვარდათ, ახლაც უყვართ და იმედია, მომავალშიც ეყვარებათ, რადგან ეს სამუდამო სიყვარულს ჰგავს, რომელსაც მუდამ მოუშლელი იმედი ახლავს.
ჩვენ ფეხბურთს დიდი წარსული აქვს და მძლავრი ფესვები, რომლებმაც კიდევ უნდა ამოიყარონ.”
ფეხბურთის სამშობლოს იმდროინდელ მედიას დავიმოწმებ: „იმ წვიმიან საღამოს, ქართველმა ფეხბურთელებმა ინგლისელებს სანიმუშო გაკვეთილი ჩაუტარეს. ეჭვს არ იწვევს, რომ თბილისის „დინამო“ კლასით ახლა „ლივერპულზე“ უფრო მაღლს დგას“.
ეს ზღაპარი არ გახლავთ, ნამდვილად ეგრეიყო. გიო ახვლედიანის ამ სიტყვებმა კი ჩემი სათქმელიც დაიტია: „ყიფო გამახსენდა და ისე მომენატრა, რომ, აბა, არც ვიცი, რა ვქნა… რას ვიზამთ, ეგეთია ფეხბურთი, ითამაშებენ და წავლენ, მერე ახლები მოდიან, მაგრამ ამდენ ხანს უნდა ელოდო იმ ახალს და იმ შენსას, არ იცი. ველოდებით, მოკლედ“…
ამ ემოციური წერილის გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. მაისის ბოლოს კვარას კვირა გამოდგა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც კვარამ გაგვახარა!..

კვარაცხელია ჩეხეთთან მატჩის დროს
ლაშა კუპრაშვილის ფოტო

ამას ველოდი, მოვესწარ…
ხვიჩა კვარაცხელიაზე პირველი წიგნი გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის, სადაც მეგრულად თქმული ძველი ლექსი გაიხსენა – „ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი“ – მოკაშკაშე ვარსკვლავებიო, ამბობს მთქმელი. თურმე, ხვიჩა მეგრულად მოკაშკაშეს ნიშნავს.
2024-2025 წლების საფეხბურთო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის საოცარი აღმოჩნდა. იანვრის სატრანსფერო სეზონზე თავი დააღწია „ნაპოლისთან“ კაბალური კონტრაქტის პირობებს და „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. პირველივე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი მოიპოვა და საკლუბო ფეხბურთში ყველაზე სანუკვარ გამარჯვებას მიაღწია – მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. გაიტანა პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში! სეზონის პირველ ნახევარში ჩატარებული შეხვედრების შედეგად იტალიის ჩემპიონიც გახდა!
ხვიჩას თავისი კარიერის დიდი და ალბათ, კიდევ უფრო წარმატებული ნაწილი წინ აქვს და მრავალი ტიტულის მოპოვება შეუძლია.
ყველაზე სანუკვარი იქნება სანაკრებო გამარჯვებები ვუსურვოთ, რომ აშკარად მოყოჩაღებული ეროვნული ნაკრების ყინულმჭრელი იყოს ახალთაობის გულის გამხარებელ ბიჭებთან მხარდამხარ. შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის გაუხუნარი შთაბეჭდილებები ქართველ გულშემატკივარს დღესაც ეძვირფასება.
აქვე ერთ დეტალზე მინდა გითხრათ: კვარაცხელია უკვე აღიარებული ვარსკვლავია და როგორც მიღებულია, გამორჩეულ ფეხბურთელებს საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ბუცებს სთავაზობენ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვარას „ადიდასის“ ბუცებს ასეთი წარწერა ჰქონდა: პატარა ბიჭი დიდი ოცნებებით.
გიო ახვლედიანმა ამჯერადაც ზუსტად მოარტყა: „ხვიჩა კვარაცხელიამ თითქოს ამოხეთქა ძველი ფეხბურთის სიღრმეებიდან. ოდინდელი დიად გარემარბთა სახელის კიდევ ერთხელ უკვდავსაყოფად, იმის გასახსენებლად, რატომ უყვარდათ ადამიანებს ეს დიადი თამაში“.
კვარას თამაში იმდენად ხალასი და ნამდვილია, რომ ერთი შეხედვით უბრალოდ მოგეჩვენება. აქ უპრიანია დიდი იოჰან კრუიფის ნათქვამი გავიხსენო: „ფეხბურთი უბრალო თამაშია, ოღონდ ერთი სირთულე აქვს – უბრალოდ თამაშს ბევრი ვერ ახერხებს“.
კვარადონა მარადონას ქალაქში
იტალიაში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ სამხრეთით არა. ჩემი შუათანა შვილი „ნაპოლის“ გაჩემპიონების თამაშზე იყო და გადარეული ჩამოვიდა. ამ ქალაქში თითქოს დრო გაჩერდა, ისევ დადიან ქუჩებში ტოტოს და ნინო მანფრედის კინოგმირები – დონ ვინჩენცო და არმანდუჩი – დუდუ.
ბიძინა ბარათაშვილი ყვებოდა, რომ სან-ჯენაროს მოედანზე, ტაძართან ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ნახევარი საუკუნის წინ გადაღებულ ფილმში. სიახლე კი ისაა, რომ ქალაქში კედლებიდან, ფანჯრებიდან, ვიტრინებიდან, მურალებიდან მარადონას გვერდით კვარადონა გამოჩნდა.
ხვიჩას გაუმართლა, რომ 2022 წელს „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გახლდათ, რომელსაც დიდ კლუბში დიდ ფეხბურთელებთან უმუშავია. ხვიჩას ქებით არ ათამამებდა, მოზომილად იტყოდა ხოლმე: „კვარა მინდორს გარეთ თავმდაბალი ბიჭია, მაგრამ მოედანზე სათანადოდ თავდაჯერებულია“.
იმ ფენომენალურ სეზონში, 33-წლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლიმ“ სკუდეტო მოიგო. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა გუნდის დებიუტანტი – კვარავაჯო-კვარადონა-კვარაცხელია!
სეზონის ამბების შესახებ იტალიური მედიის ჰედლაინებით შემოვიფარგლოთ.
სეზონის პირველი თამაში 19 აგვისტოს სტუმრად ბერგამოში „ატალანტასთან“ – ხვიჩას გოლი და ასისტი და პირველი გამარჯვება. „ატალანტა“ დავიმახსოვროთ – მეორე წრეში ისეთი რამ მოხდება.
ხვიჩას პირველი თამაში უკვე შინ, იმ სტადიონზე, სადაც დიეგო მარადონა თამაშობდა და იქაც არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ცოცხალი დიეგოს მაგივრად მისი ქანდაკება დგას, კვარას პირველივე თამაშში უკვე ორი გოლი გააქვს! იქაური გაზეთების სათაურებს მოვიყვან: „KVARASTELLA  – (კვარავარსკვლავი) – „ნაპოლის“ ახალი სხივია! ნეაპოლში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა!“
ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა „ლივერპულთან“ და 4:1! ჰედლაინები ასეთია: “კვარადონა – კლოპის ვაქცინა“. რაფა ბენიტესი: „ქართველი ამ წუთისთვის იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია“. ბი-ბი-სის წამყვანი გარი ლინეკერი: „კვარა საოცარი ფეხბურთელია. მასთან თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარ-სახელის წარმოთქმა“.
ეგ არაფერი, ისწავლიან და თანაც, ძალიან მალე!
19 სექტემბერი – გამარჯვება „მილანთან“, გასვლაზე, კვარას წაქცევისთვის დანიშნული პენალტით. „კორიერე დელო სპორტი“: „კვარა 21 წლის ქართველი ბიჭია, რომელიც ერთფეროვანი სქემებით მკაცრ ჩარჩოებში მოქცეულ თანამედროვე ფეხბურთში სასიამოვნოდ გვაკვირვებს. მისი დრიბლინგი კი დაუნდობელი საწამლავია. თავისი ჯადოსნური თამაშით ძალიან მალე იქცა ტიფოზების კერპად“.
5 ოქტომბერს, ამსტერდამში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის თამაში და „ნაპოლი“ 6:1 უგებს „აიაქსს“! ხვიჩას პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე! „გაზეტა დელო სპორტის“ კოლაჟი: „ვან გოგი? არა, კვარავაჯო! ხვიჩა შეუცვლელია!“
14 იანვარი 2023 წელი: ნეაპოლში ყველაზე საძულველ გუნდს „იუვენტუსს“ 5:1 მოუგეს! ხვიჩას გოლი და ორი ასისტი! „იუვენტუსის“ ისტორიული ნოკაუტი! კვარამ და ოსიმენმა „ბიანკონერის“ დაცვა ნაკუწებად აქციეს!
11 მარტი 2023: „ატალანტა“ ჩადის ნეაპოლში და კვარაცხელიას ყველაზე საოცარი გოლი იტალიაში. კვარა ექვსი (!) მცველის გარემოცვაში მარადონას დარად იქცევა – სამი მარცხნივ მიაწვინა ფინტით, ერთი – მარჯვნივ, ორი მოთამაშე კარის ხაზზე დადგა მოსაგერიებლად და მაინც – დაუჯერებელი გოლი! ეს „გაძეტა დელო სპორტის“ გარეკანის მთლიან გვერდზეა და ამ მატჩს კიდევ ოთხი გვერდი ეთმობა! გოლის კომენტარები ეკუთვნით კანავაროს, ტარდელის, ბერგომის (სამივე მსოფლიო ჩემპიონია), დი კანიოს და ლეგენდარულ მარკო ვან ბასტენს: „კვარადონამ მარადონას გოლი შეაგდო!“
2023 წლის 5 მაისს „ნაპოლიმ“ კლუბის ისტორიაში მესამედ (ორჯერ მარადონას დროს) მოიგო იტალიის ჩემპიონობა. ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად!

რასაც გასცემ, შენია
ჩემპიონთა ლიგის ფინალს ხელმეორედ შუადღეზე ჩავუჯექი, თავისი გადახვევებით და გამეორებებით. როცა „ლაივში“ ვუყურებ, ჩემში ჟურნალისტი ქრება და მთლიანად გულშემატკივარი ვარ. მეორედ ყურებისას კი სხვა თვალით ვუყურებ და ბევრ რამეს ვამჩნევ. ორი რამ მინდა გამოვყო: ხვიჩას პირველი ინტერვიუ ქართულ მედიასთან თამაშის მერე, როცა სხვადასხვა კითხვა დააყარეს. ერთი პასუხი განსაკუთრებით მენიშნა – მინდორზე ბოლომდე დახარჯული, გასავათებული და იმავდროულად ბედნიერებისგან სახაგანათებული ჩვენი კვარა, ლაღი ფეხბურთის მახარებელი კაცი საოცრად უბრალოდ იტყვის: „ფეხბურთისთვის რასაც გასცემ, ის გიბრუნდება!..“
ალალად ნათქვამია. ხვიჩა კავარცხელია ყველაზე არაეგოისტი და უშურველი ვარსკვლავია პარიზულ გრანდში. აბა რა! რასაცა გასცემ შენია, რას არა – გაკარგულია! ასე გაიზარდა, ეს ისწავლა, ეს ეძვირფასება და შესაბამისადაც იქცევა.
ამ ანთხლეულ საუკუნეში, მსოფლიო ფეხბურთის რომელი ვარსკვლავი იტყოდა მსგავსად? ახლა, ალბათ, პედრი… ცოტა უფრო ადრე – ინიესტა… ხაზი მინდა გავუსვა – ამ საუკუნეში-მეთქი, ძველ გენიოსებს და დიდ ფეხბურთელებს არ შევაწუხებ.
მჯერა, რომ ეს ყველაფერი სხვებზე უკეთ ლუის ენრიკემ დაინახა, მეშახტეთა ქალაქ ოვიედოში უბრალო ოჯახში გაზრდილმა კაცმა. დიდი ფეხბურთი ითამაშა „ბარსაში“. გუნდის ლიდერი, კაპიტანი და ყოჩი იყო. მერე წარმატებული მწვრთნელი გახდა. 2015 წლის მაისის ბოლოს ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ მისმა დიდებულმა გუნდმა „იუვენტუსი“ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო. მქონდა ბედნიერება სტადიონზე ვყოფილიყავი და რა დამავიწყებს ჯადოქრულ MSN-ს -მესი-სუარესი-ნეიმარის თავდასხმას, ნახევარდაცვას ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა ამაგრებდნენ. მაშინ მწვრთნელ ლუის ენრიკეს გუნდმა პირველად მოიგო „ტრებლი“.
შემდეგ იყო ესპანეთის ნაკრები. მისმა „ფურია როხამ“ ჯერ გერმანიის ნაკრებს მოუგო 6:0 და მერე იგივე ანგარიშით სძლია ხორვატიას. ასეთი ანგარიშით ამ გუნდებს არასდროს წაუგიათ. შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პენალტების სერიაში აგებს ჯიჯი დონარუმას იტალიასთან.
დიდი სიმწარე ნახა ცხოვრებაში, როცა ცხრა წლის გოგონა გარდაეცვალა. მონახა საკუთარ თავში ძალა და ერთი წლის შემდეგ ლუის ენრიკე იმ საქმეს დაუბრუნდა, რაც ყველაზე კარგად იცის.
რატომ ვისაუბრე ამდენი ენრიკეზე? დააკვირდით ხვიჩას გატანილი გოლის დროს მის რეაქციას!.. დემბელეს გამჭოლი პასი და უსწრაფესად მირბის ჩვენი ლაღი კვარა „ინტერის“ კარისკენ… პარალელურად მირბის მინდვრის გასწვრივ მწვრთნელიც, რომელშიც თითქოს მოთამაშის სული ჩასახლდა… და გააქვს კვარას ახლო კუთხეში, რასაც მეკარე ზომერი არ ელოდა და… აფრინდა მაღალ ნახტომში სიხარულისგან გადარეული ლუის ენრიკე!.. მისმა გუნდმა ხუთი გოლი გაიტანა, მაგრამ ასეთი აღნიშვნა არც ერთის შემდეგ არ ჰქონია.
სწორედ ეს იყო ის მეორე მომენტი, რომლის გამოყოფა მინდოდა.
ფინალის შემდეგ ბევრი შემეხმიანა, შთაბეჭდილებები გავცვალეთ და უმრავლესობამ აღნიშნა, „ინტერმა“ ჩვეულად ვერ ითამაშაო. არგუმენტად „ბარსასთან“ შეხვედრებს იხსენებდნენ. ერთი პასუხი მქონდა – „ინტერმა“ ითამაშა ისე, რისი უფლებაც დაუტოვა „პარი სენ ჟერმენმა“. ანუ ის, რაც ვნახეთ. ლუის ენრიკეს გუნდის შესრულებით ვნახეთ დომინანტური მაღალი პრესინგი, რასაც სიმონე ინძაგის გუნდი ვერ გაუმკლავდა.
პსჟ-ს ხუთი გატანილი გოლიდან ოთხი გავიდა მეკარისთვის ახლო კუთხეში. ჩვეულებრივ, ახლო კუთხეს კეტავენ მეკარეები, მაგრამ მთავარ საფრთხეს მათგან შორეულ კუთხეში დარტყმისგან უფრო ელიან.
ხვიჩა კავარცხელია საოცრად დაკვირვებული და გონიერი ფეხბურთელია. „ასტონ ვილას“ დაუჯერებელი სილამაზის გოლი გაუტანა. თან ვის? მეტოქის კარს იცავდა არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი, ბოლო სამი სეზონის პლანეტის საუკეთესო მეკარედ აღიარებული დიბუ მარტინესი!..

კვარას გოლი “ასტონ ვილას” კარში

ამ შედევრის შემდეგ კვარამ მეკარისგან ახლო კუთხეში გოლის გატანის ახალი „მოდა“ დაამკვიდრა პარიზში!
ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლების უმრავლესობა გამორჩეულად ლამაზია. განსაკუთრებით მომწონს არჩათვლილი გოლი „ლივერპულთან“, რომელიც კვარას სათამაშო აზროვნების და საშემსრულებლო ოსტატობის იშვიათი ნაზავი გახლდათ. „ლივერპულის“ მცველებს და მეკარე ალისონ ბეკერს გაშვებული გოლი არ გაუპროტესტებიათ, მთავარმა მსაჯმაც თავიდან ჩათვალა, ხვიჩამ და სტადიონმაც გულმხურვალედ იზეიმა და მერე… საქმეში ჩაერია შეხვედრის იტალიელი ვიდეორეფერი ვინმა ნეაპოლელი პაოლო, კვარას მილიმეტრიან თამაშგარეზე მოსდო შარი და მივიღეთ იტალიური „ვენდეტა“.
კვარას ახალი გუნდი ნამდვილად გახდა ევროპული გრანდი მიღწეული შედეგებით და თამაშის დონით. ახლა პარიზული მოდა გახდება დომინანტი თანამედროვე ფეხბურთში, ეცდებიან ლუის ენრიკეს პსჟ-ს თამაშის დიზაინის მიბაძვას, მაგრამ რამდენად გამოუვათ? ბოლო თხუთმეტი წელია უმრავლესობა პეპ გვარდიოლას გუნდების თამაშის გამეორებას ცდილობდა, მაგრამ… მოდი კახურად ვიტყვი: გამაადგათ, რო?
გენიალური მწვრთნელების სათამაშო ნახაზის გამოყენებას შესატყვისი შემსრულებლები სჭირდება, როგორც სათამაშო ოსტატობით, ისე პიროვნული თვისებებით. ამიტომ მოინდომა ყველაზე მეტად სწორედ ლუის ენრიკემ თავის გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას მიყვანა.
ფინალს მივუბრუნდეთ: პირველ ტაიმში პსჟ შეტევის მარჯვენა ფლანგზე აკეთებდა აქცენტს, სადაც ხიფათს ქმნიდა აშრაფ ჰაკიმის შეტევაში ჩართვები და დეზირე დუეს ამოუცნობი გადაადგილებები, რომელმაც სავარაუდოდ ისიც იცოდა, რომ მეორე ტაიმში მის ადგილზე გამოიყვანდნენ და მაქსიმალურად დაიხარჯა მისთვის გამოყოფილ სამოც წუთში. პირველ ტაიმში გოლები სწორედ ზემოთ ნახსენებმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ცოტა გული დამწყდა, რომ თავიდან ნაკლებად იტვირთებოდა კვარას და ნუნუ მენდეშის ფლანგი, ამის მიზეზს თამაშის მეორედ ნახვისას მივხვდი. ენრიკემ სწორად გააანალიზა „ინტერის“ თამაშები „ბარსასთან“, სადაც ლამის ორმეტრიანი დენზელ დუმფრიზი საგოლე ქმედებებით გამოირჩა.
მწვრთნელის დავალება ზედმიწევნით შეასრულეს კვარამ და ნუნუ მენდეშმა. მათ ფლანგზე დუმფრიზმა თექვსმეტჯერ დაკარგა ბურთი. ხვიჩამ არაერთხელ აჯობა ორთაბრძოლებში, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მეორე ტაიმის, როცა უკნიდან დაეწია, ბურთი აართვა, ჯარიმაც აიკიდა და ძარღვიანადაც აღნიშნა!
ხვიჩა კვარაცხელიაზე სათქმელს რა გამოლევს, მაგრამ სხვა დროისთვის გადავდოთ, რადგან ჩვენი მახარებელი კვარა მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს.

გიორგი გორგოძე