საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

0
6

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისთვის სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ორი წლის წინ რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 1/4-ფინალში გავიდა, ხოლო ამჯერად ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. C ჯგუფის დასკვნით თამაშში საქართველოს ნაკრები ევრო 2025-ის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტ პორტუგალიას დაუპირისპირდა და დამარცხდა.
პორტუგალიასთან შეხვედრაში განაცხადში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი არ იყო, რომელიც საფრანგეთთან დაპირისპირების ბოლო წუთებში დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა. ის ირაკლი იაკობიძემ შეცვალა, რომელსაც 21-წლამდელებში ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა.
მატჩის დასაწყისში ლაშა ოდიშარია პორტუგალიელთა ნახევარზე ნაზინიოს ფეხებში უხეშად ჩაუვარდა და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, ქართველი მარჯვენა გარემარბი გააძევა.
მე-13 წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს ირაკლი აზაროვმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და სოარეშმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
24-ე წუთზე კენდამ ძალიან კარგი პასი მისცა საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილ პინეიროს, რომელმაც მახვილი კუთხიდან არცთუ ძლიერად დაარტყა და ლუკა ხარატიშვილმა ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა – 0:1. ამ ეპიზოდში მეკარე ძალიან უხეშად შეცდა.
27-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომის შემდეგ, ნაზინიომ ცარიელა კარში დაარტყა და ირაკლი იაკობიძემ გადაგვარჩინა. 30-ე წუთზე კენდას მორიგი ორიგინალური გადაცემის მერე, მცველები თავის საჯარიმოში ისევ შეცდნენ, ხოლო ბერნარდუს მახვილი კუთხიდან დარტყმული ხარატიშვილმა გაანეიტრალა.
34-ე წუთზე კენდა საჯარიმოში საბა ხვადაგიანს გაექცა და დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრების კარგი კონტრშეტევა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა გიორგი კვერნაძემ სახიფათო დარტყმით დაასრულა და სოარეშმა ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში თამაშში ვახო ბედოშვილი ჩაერთო, რომელმაც 21-წლამდელებში ოფიციალური მატჩი პირველად ჩაატარა.
62-ე წუთზე კენდამ საჯარიმოში სა მოძებნა, რომელმაც ქუსლით  „კედელი“ გაუთამაშა, ხოლო პორტუგალიელთა ლიდერი აზაროვსა და ხვადაგიანს შორის „გაძვრა“, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 0:2.
85-ე წუთზე ჩვენს ნახევარზე დავკარგეთ ბურთი და არაუჟოს პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილის გომეშის დარტყმის მერე, გვერდითმა ძელმა „გადაგვარჩინა“. 88-ე წუთზე პორტუგალიელთა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში ბურთ მიმართულება სამ შეუცვალა, ხოლო გომეშმა ასევე თავით გაიტანა – 0:3. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გომეშმა ჩვენს საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და არაუჟომ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. სამ წუთში იაკობიძემ ჩვენს საჯარიმოში ვარდნაში სა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც არაუჟომ გამოიყენა.
პორტუგალია 7 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე პოზიციაზე ამდენივე ქულით საფრანგეთმა დაიკავა, რომელმაც პარალელურად გამართულ შეხვედრაში პოლონეთი 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, ხოლო პოლონეთმა ქულა ვერ აიღო.
საქართველო – პორტუგალია 0:4 (1:0)
17 ივნისი. ტრენჩინი. „სიჰოტ სთედიუმი“.
საქართველო:
ხარატიშვილი, მაისურაძე, იაკობიძე, ხვადაგიანი (კ), აზაროვი (მამცაშვილი, 66), გიზო მამაგეიშვილი (ეგოიანი, 66), ლომინაძე, ოთარ მამაგეიშვილი (მორჩილაძე, 85), ოდიშარია, კვერნაძე, აბუაშვილი (ბედოშვილი, 51).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
პორტუგალია: სოარეში, პინეირო, ლამბა, მუნისი, ნაზინიო, მატეუს ფერნანდეში (სა, 61), ნასიმენტო, ბერნარდუ (კ) (მარკეში, 82), კენდა (გომეში, 82), ტომასი (არაუჟო, 66), როჟერ ფერნანდეში (დი ამორიმი, 46).
მთავარი მწვრთნელი:
რუი ჟორჟე.
გოლები: 1:0 პინეირო (24), 2:0 კენდა (62), 0:3 გომეში (88), 0:4 არაუჟო (90+5)
გაფრთხილება:
როჟერ ფერნანდეში (45+1), კვერნაძე (53), გიზო მამაგეიშვილი (55), მატეუს ფერნანდეში (57), ლომინაძე (72)
გაძევება:
ოდიშარია (5)
მთავარი მსაჯი:
ე. მასიევი (აზერბაიჯანი)
ლაშა თაბაგარი