რამაზ სვანაძე: “მთავარია რწმენა”

0
6

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძე მიაჩნია, რომ სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიასთან გასამართ მატჩში მთავარი რწმენაა. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფორვარდი გიორგი აბუაშვილიც დაესწრო.
რამაზ სვანაძე: “ამ ნაკრებმა უკვე ბევრი რამ დაამტკიცა. ისიც, რომ მიუხედავად ხვალინდელი შედეგისა, ეს გუნდი უკვე შედგა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდული ნაკრებების ისტორიაში. ისევე, როგორც წინა თაობა იყო წარმატებული, ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც. ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ ურთულეს თამაშში შევძლოთ და დავაფიქსიროთ ის შედეგი, რომელიც გვჭირდება.
აქედანაც მინდა, ბიჭებს მოვუწოდო, რომ მიუხედავად შედეგისა, მინდა, ვნახო ის გუნდი, რომელიც ბოლო ორწლინახევრის განმავლობაში გვყავდა. ის სტილი, ფილოსოფია და მენტალური მდგომარეობა, რომელიც სულ გვქონდა და სწორედ ეს მინდა ვნახო. ამისთვის ყველაფერი კეთდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავიღებთ.
ხვალინდელ მატჩში მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი კომპონენტია, ფსიქოლოგიური, სუფთა ტაქტიკური, მაგრამ მთავარი ახლა მაინც არის რწმენა, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებში საკმაოდ ჭარბადაა და რომელსაც ფეხბურთელებს თავიდანვე ვუნერგავთ, როცა ისინი გუნდში მოდიან. ეს რწმენა უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ პროცესში სიტუაციას ვასწორებთ. ყოფილა შემთხვევები, როცა ვერ გამოვასწორეთ, მაგრამ ხშირად მაინც ეს მუშაობს და მეორე ტაიმები ბევრჯერ მოგვიგია.
პორტუგალია მოედანზე მოსაგებად რომ გავა, ეს გასაკვირი არაა, მაგრამ ჩვენი სურვილიც და ჩანაფიქრიც იგივეა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველივე წუთიდან ყველაფერი ან არაფერი – საკითხს ასე უნდა მივუდგეთ. წარმატებისთვის ძალიან ბევრი სწორად გათვლილი დეტალი გვჭირდება.
ორი განსხვავებული იყო ემოცია საფრანგეთთან, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფაქტობრივად გასულები ვიყავით ჯგუფიდან და აქ საუბარი არ არის მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლაზე, არამედ ძალიან დიდ შედეგზე. თუმცა, ვიმეორებ, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. საკმაოდ დეტალურად და ზუსტად გავაანალიზეთ საფრანგეთთან მატჩის ბოლო წუთები, გვქონდა ბიჭებთან საუბარი, მწვრთნელებს ერთმანეთში, ყველამ ყველაფერი გაიგო და იცის.
ველოდები ხვალ იმ დადებით ემოციებს, რომელიც გამოგვყვა საფრანგეთთან თამაშიდან, რადგან მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. თუ მეორე მხრიდან შევხედავთ თამაშს და სიტუაციას, რაც ბოლო წლებში მთლიანად ჩვენს გარშემო ხდება, მერწმუნეთ, რომ დადებითის და კარგის მეტს ვერავინ ვერაფერს იტყვის. თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზეც, ხოლო თუ ვინმე არ მეთანხმება და აქ არ არის, ის უბრალოდ ვერ ხედავს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სამუშაოა გაკეთებული, რომელშიც ბევრი ადამიანია ჩართული.
გვაქვს სტაბილურობა, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ეს სჭირდება ქართულ ფეხბურთს და თაობებს, იმ თაობებს, რომლებიც ნაკრებში ამ ბიჭების შემდეგ მოვლენ, რადგან ეს არის რწმენა და გამარჯვებულის მენტალიტეტი, საფეხბურთო ისტორია, რომელიც ამ დღეებში იწერება, იწერებოდა შარშან ზაფხულს და ორი წლის წინაც ზაფხულში. მთავარი ისაა, რომ კიდევ აქ ვართ და კიდევ ვაპირებთ, რომ ხშირად გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე.
საზონოვის მდგომარეობა ახლაც ფასდება და ხვალ გვეცოდინება შეძლებს თუ არა თამაშს. რსებობს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თავდაცვის დროს სხვა რამეზე ფიქრობს გარდა თავის დაცვისა? რა თქმა უნდა, ჩვენც გვიწევს. პოლონეთთან არ იყო ეს სურათი. ზეპირად არ ვსაუბრობ, დეტალებში მაქვს სტატისტიკა, როგორი თამაში იყო.
საფრანგეთთან დაცვაში უფრო მეტად მოგვიწია დაცვაში თამაში და მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, საფრანგეთს რომ ეთამაშა უფრო მეტად დაცვაში. ხშირად აღვნიშნავ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხარატიშვილი ჩვენი გუნდის ნაწილია, ერთ-ერთი მთავარი ძალაა. ზოგადად, მეკარეები გუნდის მთავარი ხერხემალი არიან. მყარი მეკარე უკვე იმას ნიშნავს, რომ გუნდში ბევრი დადებითი რამ არსებობს. გეთანხმებით, ძალიან კარგად თამაშობს, ეს სეივებიც ამაზე მოწმობს, ხოლო დაცვაში თამაშს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვითამაშებთ. ხშირად რეალობას სწორად ვერ აღვიქვამთ.
აქ იმიტომ ვართ, რომ მიწაზე მყარად ვდგავართ და ამ ყველაფრის საწყისი ისაა, რომ რეალობის შეფასება სწორი ანალიზის ხარჯზე ხდება. მერწმუნეთ, არ არის მარტივი, როცა ვეთამაშებით ტოპ გუნდებს, ტოპ ფეხბურთელებს, შესაძლოა, მეორე მხრიდან ეს ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ რეალურად ურთულესია.
ამიტომ აღვნიშნე, რომ ეს ბიჭები, მიუხედავად ხვალინდელი შედეგისა, უკვე არის ის თაობა, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია. არ მაქვს საუბარი საპრიზო ადგილებზე, არამედ რწმენაზე, რომელსაც ეს თაობები იმ ბავშვებში აჩენენ, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში და რომელთა რიცხვი ყოველდღე იზრდება და იზრდება ამათ მაგალითზე.
გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ამ რიტმში თამაშს შეჩვეული არაა, მაგრამ ხვალ ისეთი დღეა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ ყველაფრის დავიწყება, თუნდაც უნდა გადავახტეთ საკუთარ თავს. თუ ვსაუბრობთ, რომ ასეთი დონის გუნდებს უნდა მოვუგოთ, ეს არის საკუთარ თავზე მაღლა ახტომა და ვეცდებით, ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ”.
გიორგი აბუაშვილი: “მეორე ტაიმში უფრო მოტივირებულები გამოვდივართ, სხვანაირი ხასიათით და ვფიქრობ, ხვალაც იგივე იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ხასიათი და ერთობა ვაჩვენოთ, რაც ამ ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, მხოლოდ დაცვაში ყოფნას არ ვაპირებთ, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. მთავარი ისაა, რომ ერთმანეთის რწმენა გვაქვს, ერთმანეთის გვჯერა და ვაპირებთ, რომ ეს დიდი ისტორია ერთად დავწეროთ.
რთულია ამ ინტენსივობით თამაში, მით უმეტეს ყოველ სამ დღეში. იგივე თამაშს ველოდებით ხვალაც, მზად ვართ, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ვიცით მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეებიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ”.