რამაზ სვანაძე: “ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”

0
13

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში C ჯგუფში საფრანგეთთან 2:3 მარცხის მიუხედავად, თავისი ფეხბურთელებით ამაყია.
რამაზ სვანაძე: “დრამატული თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლო წუთები. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ჩემი გუნდით და ყველაფრით, რაც ჩვენს თავს ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ძალიან დასანანი მარცხი იყო, თუმცა რეალურად თავი იჩინა იმ პრობლემებმა, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო.
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, ბევრი ფეხბურთელი არ არის სათანადო კონდიციაში, თუმცა ისინი ძალიან ნიჭიერები და მამაცები არიან. წარმოუდგენლად ძლიერი ხასიათი აქვთ. მინდა გამოვყო საბა საზონოვის თავდადება და პატრიოტიზმი. ჩემზე კარგად არავინ იცის, თუ რა რთულია მისთვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასეთ დონეზე შეუცვლელად თამაში.
საფრანგეთი ძალიან მაღალი დონის გუნდია და შეცდომები არ გვაპატიეს. მესამე გოლი ზუსტად იმ ზონიდან გავიდა, სადაც ბოლო წუთებზე ფეხბურთელი დავკარგეთ და სამწუხაროდ ცვლილების შესაძლებლობა აღარ გვქონდა. ასევე, კომპენსირებულ დროზე გაცილებით მეტი, 12-13 წუთი ვითამაშეთ. მარცხი სამწუხაროა, მაგრამ ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს. მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები. მთავარია, ძალები აღვიდგინოთ, რადგან ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა აუცილებლად გვექნება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არანაკლებად ძლიერ პორტუგალიას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ”.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 17 ივნისს ტრენჩინში პორტუგალისთან ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მეორე ტურში პორტუგალიამ პოლონეთი 5:0 გაანადგურა და 4 ქულით ჯგუფში გალიდერდა. საფრანგეთი ასევე 4 ქულით მეორეა, ხოლო საქართველო სამი ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი