საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში მეორე შეხვედრა ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ საფრანგეთთან ჩაატარა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.
რამაზ სვანაძემ პირველ ტურში პოლონეთთან 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი შეცვალა – გაბრიელ სიგუას და გიორგი აბუაშვილის მოედანზე გიზო მამაგეიშვილი და ირაკლი ეგოიანი გავიდნენ.
22-ე წუთზე ტელმა დაახლოებით 18 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ლუკა ხარატიშვილმა ნახტომში ბურთი მოიგერია. ცოტა ხანში, ფრანგებმა კუთხური ჩააწოდეს და აგუმემ ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, თუმცა ხარატიშვილი ბურთს დაეუფლა.
35-ე წუთზე ტელმა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო და თავით დაარტყა, ხოლო ხარატიშვილმა საუცხოო ნახტომში გოლი არ გაუშვა. თუმცა, ამ ეპიზოდიში საბა საზონოვმა, რომელიც ცდილობდა ტელისთვის დარტყმის საშუალება არ მიეცა, ფრანგს ფეხი სახეში მოარტყა და საბოლოოდ, მსაჯმა პენალტი დანიშნა. ტელმა თერთმეტმეტრიანი იდეალურად შეასრულა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ფრანგების ძალიან კარგი კომბინაცია ლეპენანმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით დაასრულა და ხარატიშვილმა ბურთი ხელებში მეორე ცდით დააფიქსირა. ერთ წუთში ფრანგების მორიგი იერიშის დროს ჩვენ საჯარიმოში მყოფმა ტელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად სახიფათოდ დაარტყა და მეორე გოლის გაშვებას გადავრჩით.
56-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევა გიორგი აბუაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით დაამთავრა და რესტიმ ფრანგები გოლის გაშვებისგან იხსნა. მეორე ტაიმის შუაწელში ჩვენს საჯარიმოში მყოფის ტელის დარტყმული ბურთი საზონოვს ფეხზე შეეხო და კარს მცირე მანძილით აცდა.
74-ე წუთზე აბლინი ჩვენს ნახევარზე ორ ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ ხარატიშვილმა ისეთი ბურთი მოიგერია ბევრი მაღალი დონის მეკარე ხელს რომ მოაწერდა.
76-ე წუთზე ფრანგების ნახევარზე გიორგი სიგუამ ვარდნაში აბლინს ბურთი აართვა, ხოლო ვასიოლიოს გორდეზიანმა ქუსლით პასი აბუაშვილს გაუკეთა, რომელიც ფინტით საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა და შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:1.
84-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევის დროს მოწინააღმდეგის ნახევარზე მყოფმა აბუაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა საზონოვმა თავით ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა – 1:2. 89-ე წუთზე აგუმამ ჩვენს საჯარიმოში ლეპენანი მოძებნა, რომელიც ირაკლი აზაროვს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ბარიმ გოლი გაგვიტანა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
ოთხ წუთში გიორგი მაისურაძის პასის მერე გორდეზიანი ფრანგების საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და დაარტყა – ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. დამატებულ მე-12 წუთზე ბარიმ საქართველოს ნაკრების კარი აიღო და ფრანგებს სამი ქულა მოუტანა. ამ დროს საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 ფეხბურთელით იყო, რადგან ტრავმის გამო საზონოვმა თამაში ვერ გააგრძელა, ხოლო სვანაძეს შეცვლების ლიმიტი ამოეწურა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 17 ივნისს ტრენჩინში პორტუგალისთან ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მეორე ტურში პორტუგალიამ პოლონეთი 5:0 გაანადგურა და 4 ქულით ჯგუფში გალიდერდა. საფრანგეთი ასევე 4 ქულით მეორეა, ხოლო საქართველო სამი ქულით მესამეა.
საფრანგეთი -საქართველო 2:3 (1:0)
14 ივნისი. ჟილინა. „ჟილინა სთედიუმი“.
საფრანგეთი: რესტი, სილდილია, მაციმა (კ), ლუკება, მერლინი, დუკური (ეჯუბა. 90), ლეპენანი, აგუმე (სისე, 90), ოდობერი (ბარი, 73), ტელი (აბლინი, 73), ლემარეშალი (ჩაუნა, 61).
მთავარი მწვრთნელი: ჯერალდ ბატიკლი.
საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი (კ), აზაროვი, გიზო მამაგეიშვილი (ოთო მამაგეიშვილი, 55), ეგოიანი (სიგუა, 66), ლომინაძე, გაგნიძე (აბუაშვილი, 55), ოდიშარია (გორდეზიანი, 66), კვერნაძე (ოსიყმაშვილი, 90+1).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლი: 1:0 ტელი (35), 1:1 აბუაშვილი (76), 1:2 საზონოვი (84), ლეპენანი (89), 3:2 ბარი (90+12)
გაფრთხილება: ლეპენანი (13), საზონოვი (34), ლომინაძე (43)
მთავარი მსაჯი: ი. სანდბერგი (დანია)
ლაშა თაბაგარი
