საქართველოს ეროვნული გუნდის მცველ გიორგი გველესიანს მიაჩნია, რომ ფარერებთან (1:0) სპარინგის მსგავსი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მწვრთნელს საშუალება აქვს საქმეში ბევრი ფეხბურთელი ნახოს.
გიორგი გველესიანი: „ჩემთვის ეს თამაში ძალიან ემოციური იყო: ერთი მხრივ, „დინამო არენაზე“ ბოლოს 8 წლის წინ ვითამაშე, მეორე მხრივ, ჩემ მეგობარ, გიორგი ლორიას ბოლო სანაკრებო თამაში ჰქონდა. მას ბავშვობიდან ვიცნობ, როგორ გაიარა ეს გზა, მახსოვს, როგორ დადიოდა მამამისი ყველა ვარჯიშზე, მახსოვს, რა რთული გზა გაიარა. ვამაყობ, რომ მისი თანაგუნდელი ვარ და მომეცა საშუალება მასთან ერთად ბოლო თამაში ჩამეტარებინა და მინდა წარმატებები ვუსურვო.
ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ საქმეში, ასეთი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიზნისთვის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პრაქტიკულად მეც დებიუტანტი ვარ. ერთი წლის წინ მქონდა დებიუტი, თუმცა ჩემგან განსხვავებით მათ მთელი კარიერა წინ აქვთ და გარკვეული შეცდომების დაშვების უფლებაც გააჩნიათ/
მომავალში კიდევ მიეცემათ შანსი. ვფიქრობ, ძალიან კარგი თაობა გვეზრდება, მომავალი მათ ხელშია. მინდა, ყველა მათგანს მივულოცო ნაკრებში დებიუტი, განსაკუთრებით, 16 წლის საბა ხარებაშვილს, რადგან მასზე ორჯერ დიდი ვარ. მე რომ ამ სტადიონზე პირველად ვითამაშე, ის ძალიან პატარა იქნებოდა, რადგან ამ მოედანზე პირველად 17 წლის გავედი. ახლა კი, მან უკვე ნაკრებში ითამაშა, ეს ძალიან საამაყოა და მისია მომავალი“.
ლაშა თაბაგარი





