გიორგი ლორია ამაყია, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული გუნდის კარს იცავდა. მან ამის შესახებ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ფარერებთან 1:0 მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელიც 39 წლის მეკარისთვის ნაკრებში ბოლო აღმოჩნდა.
გიორგი ლორია: „ძალიან რთულია ემოციების გადმოცემა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამაყი ვარ, რომ მომიწია ამ წლებში საქართველოს ნაკრებში თამაში. როგორც ბოლო დროს გავიგე, ძალიან ბევრი ფეხბურთელისთვის სტიმული ვიყავი და ეს არის ალბათ, ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება. ის დაფასება, რასაც ვგრძნობდი და დღეს ვიგრძენი, ფასდაუდებელია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ამაზე მეტი არ შეიძლება, ეს არის ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო.
ყველა, ვისაც დებიუტი ჰქონდა, იმსახურებს ამ შანსს. კარგია, რომ მოვიგეთ. ყველა ქართველისთვის ნაკრების კარი ღიაა, მთავარია, მონდომება. იყო დრო, როცა ვაპირებდი გაჩერებას, მაგრამ არ გავჩერდი, ჩემი მშობლების, განსაკუთრებით მამაჩემის დამსახურებით, მეუბნებოდა, რომ მოვა დრო, როცა ნახავ, რა შეგიძლიაო და ყველაფერს ხალხი დაინახავსო“.
ლაშა თაბაგარი
