გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

0
7

გიორგი ლორია საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში ხვალ თავის ბოლო მატჩს ფარერის კუნძულებთან ჩაატარებს. მან ამის შესახებ დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.
გიორგი ლორია: “17 წელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოფნა და თამაში, როგორც რთული, ასევე ძალიან საამაყოა. 5 ივნისს ჩავატარებ ჩემს ბოლო თამაშს საქართველოს ნაკრებში. ეს არის გზა, რომელიც სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით გავიარე. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს გვერდზე იდგა ამ წლების განმავლობაში, ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, მწვრთნელებს აბსოლუტურად ყველას, ჩემს თანაგუნდელებს.
აქ „იაშკა“ არის, რომელთან ერთად მითამაშია, ექიმებს, სტაფის წევრებს, კამერის უკან მყოფ ადამიანებს, რადგან მათი დიდი დამსახურებაცაა, ისინი ქმნიან ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ, ეს ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობდა. ყველაზე მეტად რაც შეიძლება გამოვყო, ესპანეთთან 55 000 ადამიანი, როგორ სკანდირებდა ჩემს გვარს, მინდოდა, ეს ყოველთვის განმეორებულიყო.
ყველაზე განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს არ არიან ჩემთან ერთად. სამაგიეროდ, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყვნენ, სანამ ცოცხლები იყვნენ, თავგანწირვით, რწმენით და ლოცვაში გაატარეს ჩემ საფეხბურთო კარიერასთან ერთად. ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან.
საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის უბრალოდ ფორმა არასდროს ყოფილა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი, ოცნება და ბავშვობის პასუხი იყო საქართველოს ნაკრებში თამაში. მადლობა საქართველოს, ვამთავრებ ნაკრებში კარიერას სუფთა გულით, მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება შემეტენა ჩემი წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში ამ გუნდთან ერთად და კვლავ დავრჩები ქართულ ფეხბურთში, რადგან მინდა ჩემი ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობებს და ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიდგები, კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს.
კვარას მინდა მივულოცო ეს სასწაული ამბავი. მან კიდევ ერთხელ დაამტიცა, როგორ მაღალ დონეზე შეუძლიათ ქართველებს თამაში. ის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იშრომო და მიაღწიო დასახულ მიზანს. მეც ასე ვშრომობდი. მთელი ჩემი ცხოვრება შრომაში მაქვს გატარებული. ადრე ეს ყველაფერი სხვანაირად იყო, ახლა კი ყველაფერი თითქოს გამარტივებულია. უნიჭიერესი ერი ვართ და ეს მუდმივად მტკიცდება. ყველა ტოპ-ლიგის კარი ღიაა – მთავარია, არ დანებდე და იშრომო”.
ალექსანდრე იაშვილი: “დიდი გზა გამოვიარეთ ერთად, საოცარი 17 წელი. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ნაკრებისთვის, ამ გუნდის განვითარებისთვის, როგორც მოედანზე ისე მის მიღმა. გიორგი ხვალ ნაკრებში ბოლო მატჩს ჩაატარებს და ექნება შანსი, გულშემატკივარს უშუალოდ მოედნიდან დაემშვიდობოს. მან ეს ნამდვილად დაიმსახურა. ჩვენი კარი მისთვის მუდმივად ღია იქნება და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ რამეს გააკეთებს ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ნაკრების თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხვალ მოვიგოთ, რადგნა მან ნაკრები გამარჯვებით დატოვოს”.
ვილი სანიოლი: “საქართველოს ნაკრებში ჩემი მუშაობა შვედეთთან მატჩით დაიწყო, სასტუმროსთან ტბა იყო, სადაც სეირნობისას ფეხბურთელებთან საუბარი გადავწყვიტე, ლორია პირველი იყო, ვისაც გავესაუბრე და ჩემი პირველი შთაბეჭდილება მასზე ძალიან კარგი იყო”.
ლორიას, რომელიც 39 წლისაა, ეროვნულ გუნდში დებიუტი 2008 წლის 27 მაისს ტალინში ესტონეთთან 1:1 დასრულებულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. მან ნაკრებში ჩატარებულ 78 მატჩში 85 ბურთი გაუშვა, ხოლო მეტოქეებს გოლი 30 შეხვედრაში არ გაატანინა. ის გუნდის კაპიტანი ორჯერ იყო – 2020 წლის 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩატარებულ შეხვედრაში და 2023 წლის 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგურ თამაშში. მან საქართველოს ნაკრებში მეკარეებს შორის ყველაზე მეტჯერ ითამაშა.
ხვალ, საქართველოს და ფარერებს შორის ამხანაგური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო ლორია გუნდს უკაპიტნებს.
ლაშა თაბაგარი