ქართული „კლასიკო“ „დინამოს“ გამარჯვებით და ჩხუბით დასრულდა

0
10

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბორის პოაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:0 აჯობა.
ქართული „კლასიკო“ ტრადიციულად დაძაბული იყო, მაგრამ სტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა მოედანზე დიდი ვერაფერი სანახაობა იხილა. მეტიც, შეხვედრის დასრულების შემდეგ რაც მოხდა, ფეხბურთს ნამდვილად არ შეეფერება.
მე-8 წუთზე ბრაზილიელმა მცველმა თავის ნახევარზე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ თანაგუნდელს გაუკეთა პასი, რომელიც ცოტნე მორჩილაძემ ჩაჭრა და საჯარიმოში შესულმა დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0.
52-ე წუთზე ნიკა ნინუამ კუთხური ჩააწოდა და ბრაზილიელმა მცველმა ლეო ასუნსეუმ  თავით ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 2:0.
თამაშის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი ატყდა და მათ გაშველებას ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები სტაფის წევრებთან ერთად ცდილობდნენ. საბოლოოდ, ვითარება განიმუხტა, ხოლო მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა წითელი ბარათი „დინამოდან“ თორნიკე მორჩილაძეს, საბა ხვადაგიანს, თეიმურაზ ოდიკაძეს, ცოტნე ბერელიძეს და მიხეილ მაქაცარიას აჩვენა.
ყრუაშვილმა დაუსჯელი არც „ტორპედოს“ მოთამაშეები დატოვა და ფელიპე პირესი, ერიკ პიმენტელი, ჟოაუ კამარგო, კისლე ზიტა „გააწითლა“.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „დინამო“ 29 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო გერმანელი დირკ შუსტერის თავკაცობით „ტორპედომ“ 27 ქულა დააგროვა და მეხუთეა. ცნობისთვის, განვლილ შეხვედრაში ქუთაისელებს შუსტერის თანაშემწე საშა ფრანცმა უხელმძღვანელა.
დინამო თბ 2:0 ტორპედო 
გორის „დილა“ სტუმრად ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 37-ე წუთზე გორელებმა კუთხური გაათამაშეს და ფრანგმა ჟან-მარკ ტიბუამ მასპინძლების საჯარიმოში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 0:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-8 წუთზე გიორგი აბუაშვილმა პენალტი შეასრულა და ლუკა სანიკიძემ მოიგერია ბურთი, რომელიც ისევ აბუაშვილს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი საპასუხო გოლი გაიტანა – 1:1. აბუაშვილი 8 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. 63-ე წუთზე იბრაჰიმა დრამეს დარტყმული პენალტი ფოთელთა მეკარემ გაანეიტრალა. 79-ე წუთზე ფოთელთა მცველის მიერ მოგერიებული ბურთი ოთარ ფარულავამ ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი დაახლოებით 22 მეტრიდან „ცხრიანში“ შეაგდო.
პორტუგალიელი ნუნუ კოშტას ხელმძღვანელობით „დილამ“ 35 ქულა მოუყარა თავი და მეორეა, ხოლო კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი „კოლხეთი“ 13 ქულით მერვეა.
კოლხეთი 1913 1:2 დილა 
ლაშა თაბაგარი