მამარდაშვილი: „მადლობა ყველას, ვინც იდგა ჩემს გვერდით ამ რთულ გზაზე”

0
19

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის 38-ე ტურში „ღამურები“ სტუმრად სევილიის „ბეტისს“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. მან განვლილ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაუშვა, ხოლო 8-ჯერ მეტოქეებს არ გაატანინა.
განვლილ შეხვედრაში მასპინძლები მე-40 წუთზე ანტონიმ დააწინაურა, ხოლო რაფა მირმა 75-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. „ვალენსიამ“ 46 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა.
„სეზონის ბოლო თამაში „ვალენსიაში“. მადლობა ყველას, ვინც იდგა ჩემს გვერდით ამ რთულ გზაზე. მალე შევხვდებით ახალ ჰორიზონტზე ,ახალი თავგადასავლებით, ახალი გამოწვევებით, რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება“ – დაწერა თავის სოციალურ ქსელში მამარდაშვილმა, რომელიც ზაფხულში „ლივერპულს“ შეუერთდება.
ლაშა თაბაგარი