საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო 34-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ „ანჟერი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და 79-ე წუთზე ალექსანდერ ლაკაზეტი შეცვალა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან მიდის. „ლიონმა“ 57-ე ქულით მე-6 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს.
24 წლის მიქაუტაძემ „ლიონში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ნათამაშებ 33მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ორ თამაშში მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო, ხოლო ევროპა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი შეასრულა.
საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“, რომელიც ელიტაში შარშან ზაფხულში დაბრუნდა. ბოლო ტურში „სენტ-ეტიენი“ თავის მოედანზე „ტულუზასთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა 63-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა, 70-ეზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. „სენტ-ეტიენმა“ 30 ქულით ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. 24 წლის დავითაშვილმა ლიგა 1-ში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
