მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ლაკაზეტი „ლიონიდან“ წავა, რის შესახებ ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
33 წლის ლაკაზეტს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ. ის „ლიონის“ აღზრდილია და 2017 წელს ლონდონის „არსენალში“ გადავიდა, საიდანაც 2022 წელს ისევ მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.
მან „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირში 390-ჯერ ითამაშა და 199 გოლი გაიტანა, პლუს 55 საგოლე პასი გააკეთა. მან ლიონელებთან ერთად 2012 წელს საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო.
„ლიონის“ კაპიტნის წასვლის შემდეგ, სასტარტოში დამკვიდრების გაცილებით დიდი შანსი ექნება საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც მიმდინარე სეზონში ხშირ შემთხვევაშო ლაკაზეტის შემცვლელად მიიჩნეოდა.
24 წლის მიქაუტაძემ ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 32 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ორ თამაშში მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო, ხოლო ევროპა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა და 4 გოლს 5 საგოლე პასი მიუმატა.
ლაშა თაბაგარი
