ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს. გამოკითხვაში, რომელშიც ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტები, მწვრთნელები და მენეჯერები მონაწილეობდნენ, საქართველოს ეროვნულიუ ნაკრების შუახაზელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან იმ გუნდურ თამაშს ასახავს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ვაჩვენებთ. ჩემი თანაგუნდელების და მწვრთნელის ნდობის გარეშე, ასეთი ინდივიდუალური წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამ ჯილდოს ჩვენი კოლექტიური განვითრების აღიარებად განვიხილავ მიმდინარე სეზონში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი მთავარი მიზანი ბოლო ორ ტურში ჩემპიონობის მიღწევაა“ – განაცხადა კიტეიშვილმა „შტურმის“ ვებგვერდთან.
29 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან ავსტრიის თასზე 3-ჯერ ითამაშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე გამართულ 7 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ცნობისთვის, გასულ სეზონში კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმაც დაასახელა.
ლაშა თაბაგარი
