ბათუმის „დინამომ“, რომელსც გიორგი ჭიაბრიშვილი თავკაცობს, მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შინ ზედიზედ მეორე თამაში წააგო. მე-15 ტურში ბათუმელები გორის „დილას“ შეხვდნენ და სეზონში პირველად სამი უპასუხო გოლი გაუშვეს.
შეხვედრის 36-ე წუთზე სენეგალელი იბრაჰიმა დრამე მასპინძლების მეკარესთან პირისპირ გავიდა და დარტყმა მოასწრო, მაგრამ წინ გამოსული ლუკა ხარატიშვილი დაეჯახა, ხოლო მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
45-ე წუთზე იბრაჰიმა დრამემ ბათუმელთა საჯარიმოში გახსნილი მცველი ჟან-მარკ ტიბუე მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 0:1.
67-ე წუთზე შოთა შეყილაძე კარგი ფინტით დინამოელთა ნახევარზე მცველ ნიკოლოზ ბალაძეს გაცდა, შემდეგ გვერდი კარიდან გამოსულ ხარატიშვილსაც აუარა და გაიტანა – 0:2.
77-ე წუთზე გორელთა კონტრშეტევის დროს განელი ბლანკსონ ანოფის დარტყმული ბურთი ხარატიშვილმა მოიგერია, ხოლო მალელ აბუბაქარ კონტეს „დინამოს“ მეკარემ ვეღარ აუღო.
პორტუგალიელი ნუნუ კოშტას თავკაცობით „დილამ“ 29 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა – ლიდერ „იბერიას“ 8 ქულით ჩამორჩება. ბათუმელებმა ბოლო სამი შეხვედრა წააგეს, ხოლო მანამდე მიჯრით ოთხი თამაში ფრედ დაასრულეს და 24 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდნენ.
დინამო ბთ 0:3 დილა
ლაშა თაბაგარი





