„გაგრამ“ და „დინამომ“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

0
9

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დასრულდა, სადაც „გაგრამ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.
მატჩის მე-14 წუთზე ზურაბ ჭავჭანიძემ თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გააკეთა გიორგი ხარებაშვილის მიმართულებით, რომელმაც „დინამოს“ კაპიტან საბა ხვადაგიანს ფიზიკურ ორთაბრძოლაში აჯობა და საჯარიმოში შესულმა კარიდან გამოსულ სტეფან სიკაჩს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:0.
მე-18 წუთზე გაგრელთა ნახევარზე მყოფმა ვახტანგ სალიამ საჯარიმოში ვაკო გვილია მოძებნა, რომელმაც ბურთი „დაუგდო“ მათე ვაწაძეს, ამ უკანასკნელის დარტყმული ბელარუსმა რომან სციაპანუმ მოიგერია, მაგრამ თბილისელთა ფორვადმა მეორე ცდაზე შეაგდო – 1:1.
44-ე წუთზე ჯაბა კანკავა ძალიან ეუხეშა დავით გოცირიძეს და არბიტრმა გააძევა. 78-ე წუთზე თავად გოცირიძემ ჩაარტყა ფეხი ფეხში მუხრან ბაგრატიონს და წითელი ბარათი მიიღო.
ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით „დინამომ“ 25 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ 15 ქულით მეექვსეა.
გაგრა 1:1 დინამო თბ 
ასევე ფრედ დასრულდა “მიხეილ მესხი 2”-ზე საგარეჯოს “გარეჯის” და “თელავის” დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ მასპინძელმა საგარეჯოელებმა თითქმის მთელი მატჩი 10 ფეხბურთელით ითამაშეს, რადგან თამაზ ცეცხლაძემ მე-4 წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ოთხ წუთში მეორე და გააძევეს.
“გარეჯი” 13 ქულით მეშვიდეა, “თელავი” კი 12 ქულით ბოლოა.
გარეჯი 0:0 თელავი 
ლაშა თაბაგარი