„იბერიამ“ ისევ მოიგო, „ტორპედოს“ ზედიზედ მეორე გამარჯვება

0
17

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „იბერიამ: ლევან კორღალიძის თავკაცობით წყალტუბოს „სამგურა;ს“ აჯობა, რომლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დებიუტი ბრაზილიელ ტიაგო გომესს ჰქონდა.
მატჩის 54-ე წუთზე ნიკა ხორხელის გარღვევის და დარტყმის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში ბურთი ხელში მცველ მათე აბულაძეს მოხვდა, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც „იბერიას“ კაპიტანმა იური ტაბატაძემ გაიტანა – 1:0.
62-ე წუთზე ტაჯიკმა ლეგიონერმა ალიჟონი აინიმ ბურთი ლაშა შერგელაშვილს დაუგორა, რომელმაც დაახლოებით 22 მეტრიდან დაარტყა და გიორგი მეგრელიშვილს, რომელმაც 28-ე წუთზე ტრავმირებული გიორგი მაკარიძე შეცვალა, ბურთი იღლიაში გაუძვრა – 1:1.
69-ე წუთზე კარიდან ბურთის დასაუფლებლად გამოსული ნოდარ ყალიჩავა თავის საჯარიმოში  ნიკა ხორხელს შეეჯახა და წააქცია – მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუალშვილმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ისევ ტაბატაძემ შეასრულა და ყალიჩავამ ბურთი მოიგერია. 84-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა კუთხური ჩააწოდა და ახლო ძელთან მდგომმა დავით სხირტლაძემ თავით „იბერიას“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. „იბერია“ 36 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ 12 ქულით მეშვიდეა.
იბერია 1999 2:1 სამგურალი 
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ამჯერად, ქუთაისელებმა მშობლიურ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით აჯობეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბიორნ იონსენის დაწყებული იერიში პაატა ღუდუშაურმა გააგრძელა და ბათუმელთა საჯარიმოში ნორვეგიელი ფორვარდი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა მიჯრით მეორე თამაში წააგეს და 24 ქულით მეორე ადგილზე არიან. „ტორპედო“ 21 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
ტორპედო 1:0 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი