ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ბარსელონამ“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა და „მონჟუიკზე“ მართლაც დიდებული საფეხბურთო სპექტაკლი შედგა, რომელიც ევროთასების ისტორიაში შევა. მართალია, „ბარსელონა“ მატჩამდე ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მოედანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ალბათ, მასპინძლების თავკაცი ჰანსი ფლიკი საბოლოო შედეგით ბოლომდე უკმაყოფილო არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ კატალონიელებს თავისი საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი ტრავმის გამო აკლდათ.
შეხვედრის 31-ე წამზე შეტევაში ჩართულმა დენზელ დუმფრისმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და მარკუს ტურამაა ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა – 0:1. ეს ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ნახევარფინალებში გატანილი ყველაზე სწრაფი გოლია.
21-ე წუთზე იტალიელებმა კუთხური ჩააწოდეს და ესპანელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ფრანჩესკო აჩერბიმ მოიგო, ხოლო დუმფრისმა ვარდნაში ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში ეფექტურად გადაგზავნა – 0:2.
24-ე წუთზე ლამინ იამალმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთიანად ცენტრში შეიჭია და მას მერე რაც ორ მეტოქეს გაცდა, შორეულ კუთხეში გაიტანა – 2:1. ამის შემდეგ, იამალი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ფინტით დიმარკო ჩამოიცილა, რის შემდეგ მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, ხოლო იან ზომერის მოგერიებული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 17 წლის იამალი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც “ბარსას” მაისურით ყველა ტურნირში 100-ჯერ ითამაშა. მან 22 ბურთი გაიტანა და 33 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გოლი გაიტანა და მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა.
38-ე წუთზე პედრიმ ზუსტი პასით მილანელთა საჯარიმოში რაფინია მოძებნა, რომელმაც თავით გადაცემა ფერან ტორესს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გაათანაბრა – 2:2. 42-ე წუთზე „ბარსელონას“ მცველმა კუნდემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ის საპასუხო თამაშსაც გამოტოვებს. პირველ ტაიმში ასევე დაშავდა „ინტერის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაუტარო მარტინესი, რომელიც მეორე ტაიმში მოედანზე არ გასულა.
63-ე წუთზე ჰაქან ჩალჰანოღლუს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „ბარსელონას“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი გამოსვლაზე შეცდა და დუმფრისმა თავური დარტყმით „ინტერი“ წინ გაიყვანა – 2:3. 65-ე წუთზე რაფინიამ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ჯერ ზედა ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ ზურგში ზომერს, რის მერე კარში აღმოჩნდა – 3:3.
75-ე წუთზე დუმფრისის გადაცემის შემდეგ გენრიხ მხითარიანმა მასპინძლების კარი აიღო, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა, რადგან სომეხ ფეხბურთელს ბუცის წვერი „ბარსას“ ფეხბურთელზე წინ ჰქონდა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 6 მაისს შედგება.
ლაშა თაბაგარი
