პსჟ-მ ფინალისკენ გაიხედა – კვარაცხელიას საგოლე პასი

0
23

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში პსჟ სტუმრად ლონდონის „არსენალს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა და მე-4 წუთზე მარცხნიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა პასი უსმან დემბელეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა. კვარაცხელიამ ჩემპოიონთა ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა დ ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ტაიმის შუაწელში ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოში სამ ფეხბურთელს შორის „შეძვრა“ და ტიმბერთან ორთაბრძოლაში წაიქცა – მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი ჰქონდა, მაგრამ წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
ამის შემდეგ ლონდონელთა შემტევი ტროსარი დონარუმასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ იტალიელ მეკარეს ვერ აჯობა. ცოტა ხანში, დეზირე დუე საჯარიმოში „არსენალის“ ორ მცველს გაცდა და მისი დარტყმის შემდეგ, მეკარე რაიამ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „სტანდარტულის“ შესრულების დროს დეკლან რაისის ჩაწოდების შემდეგ მიკელ მერინომ თავით პსჟ-ს კარი აიღო. ეს ეპიზოდი VAR-ს დიდი ხანი მოწმდებოდა და საბოლოოდ, მსაჯმა ესპანელზე თამაშგარე დააფიქსირა. ტროსარს თავის გამოჩენის საშუალება მეორე ტაიმშიც ჰქონდა, მაგრამ ბელგიელის დარტყმის შემდეგ, დონარუმა ბურთს მიწვდა და „არსენალს“ ანგარიში არ გაათანაბრებინა.
შეხვედრის მიწურულს პსჟ-ს საუცხოო კომბინაციის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ბარკოლამ ბურთი კარს ააცილა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში გონსალო რამუშმა მიიღო საჯარიმოში ბურთი, რომელიც „ჭვინტით“ კარში გაგზავნა და ლონდონელები გოლის გაშვებას ზედა ძელმა გადაარჩინა.
პსჟ საპასუხო შეხვედრას „არსენალთან“ 7 მაისს პარიზში „პარკ დე პრენსზე“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი