კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს

0
7

კარლო ანჩელოტი 2024-2025 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და სათავეში ბრაზილიის ეროვნულ გუნდს ჩაუდგება. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ანჩელოტიმ და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად იტალიელი სპეციალისტი მსოფლიო 5-გზის ჩემპიონს უკვე ივნისის დასაწყისში ჩაიბარებს. შესაძლოა, მან ბრაზილია მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეკვადორთან სათამაშოდ გაიყვანოს.
ანჩელოტი “რეალს” 2021 წლიდან ავარჯიშებს და კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია. მან მადრიდელებთან ერთად 15 ტიტული მოიგო – ორჯერ ესპანეთის ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.
ლაშა თაბაგარი