გაგუას მეორე საგოლე გადაცემა ხორვატიაში

0
5

გიორგი გაგუამ „ისტრას“ მაისურით ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მეორე საგოლე პასი ჩაიწერა. 32-ე ტურში „ისტრამ“ „სლავენს“ უმასპინძლა და გუნდებამ ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 22-ე წუთზე ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ ლონჩარი გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა. სტუმრებიდან 29-ე წუთზე თავი ნესტეროვსკიმ გამოიჩინა.
23 წლის გაგუამ, რომელიც „ისტრაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ხორვატიის ჩემპიონატში 2 საგოლე პასის გარდა, 3 გოლი მიითვალა. „ისტრა“ 42 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „პანსერაიკოსმა“ სტუმრად „ვოლოსთან“ 0:3 წააგო. დამარცხებულებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „პანსერაიკოსმა“ 33 ქულით 6-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
არადიპოუს „ომონიამ“, რომელიც კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ლამობს შინ ახნას „ეთნიკოსი“ 2:1 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ ორი ტაიმი ითამაშა. „ომონია“ 32 ქულით 8 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი