კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომლის ღირსებას ანზორ მექვაბიშვილი იცავს, ზედიზედ ორი თამაშის წაგების შემდეგ სამი ქულა ბუქარესტის „დინამოსთან“ აიღო.
ბუქარესტში ჩატარებული შეხვედრა კრაიოველებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები 53-ე წუთზე ბაიარამმა დააწინაურა, ხოლო 62-ე წუთზე მიტრიტამ „დინამოს“ კარი კიდევ ერთხელ აიღო.
„უნივერსიტატია“ 36 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ „სტიაუას“ 3 ქულით ჩამორჩება.
„ბაზელმა“, სადაც გაბრიელ სიგუა ირიცხება, შვეიცარიის სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოიგო. ბოლო ტურში ბაზელელებმა შინ „ივერდონი“ 5:0 გაანადგურეს, ხოლო საქართველსო 21-წლამდელთა ნაკრების შუახაზელი თამაშში 78-ე წუთზე შაქირის ნაცვლად ჩაერთო. „ბაზელი“ შვეიცარიის ჩემპიონობისთვის 6-გუნდიან ჯგუფში იბრძოლებს.
ლაშა თაბაგარი
