ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ძირითადი რაუნდის მე-10 ჯგუფის ბოლო მატჩში თბილისში ოლიმპიურ სასახლეში ლიდერ საფრანგეთთან ჩაატარა და პირველი ქულები დააკარგვინა.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა ჯგუფში მეორე ადგილი და პლეი-ოფში თამაში ბოლოსწინა ტურში გაინაღდეს და პირველ ადგილზე გასასვლელად მეტოქე ოთხბურთიანი სხვაობთ უნდა დაემარცხებინათ. ასეთი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე პირდაპირ მოხვდებოდა.
შეხვედრის მე-5 წუთზე საქართველოს ნაკრებმა საჯარიმო დარტყმა გაითამაშა და ვახტანგ ჯვარაშვილის პასის შემდეგ, კარის შორეულ ძელთან მდგომმა ლევან სვანიძემ ანგარიში გახსნა – 1:0.
ნახევარ წუთში შოთა თოფურიას გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჯვარაშვილმა სტუმრების კარი მეორედ აიღო – 2:0. ამის შემდეგ, ფრანგები „გამოფხიზლდნენ“ და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მეკარე თორნიკე ბუკიამ მისი კარის მიმართულებით წასული ყველა ბურთი მოიგერია, ხოლო ერთხელ ძედა ძელმა „გადაგვარჩინა“. ტაიმის ბოლო წუთზე ბუკიამაც ვერ გვიშველა და მიკაელ დე სა ანდრადემ ერთი ბურთი გაქვითა.
მეორე ტაიმი მსოფლიოს მეოთხეადგილოსანმა აქტიურად დაიწყო და 24-ე წუთზე აბდესამად მოჰამედმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 30-ე წუთზე ნელსონ ლუტენმა ფრანგები წინ გაიყვანა.
საქართველოს ნაკრებს ფარ-ხმალი არ დაუყრია და რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა სტუმართა მეკარე ყოჩაღობდა. ამის მიუხედავად 32-ე წუთზე არჩილ სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაც შეეძლო, როდესაც ფრანგებმა 6 ჯარიმა მიიღეს და მათ კარში პენალტი დაინიშნა – სებისკვერაძის დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა.
საქართველოს ნაკრების პლეი-ოფში თავის მეტოქეს 21 მაისს გასამართი კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.
საქართველოს ნაკრებმა 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ფრანგებმა 16 ქულით პირველი პოზიცია დაიკავეს.
ლაშა თაბაგარი
