პსჟ-ს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „ასტონ ვილასთან“ პირველი მატჩის მოგების (3:1) მიუხედავად, 1/2-ფინალში გასასვლელად თავს დიდი ბრძოლა გადახდა.
ბირმინგემში გამართულ საპასუხო შეხვედრის მე-11 წუთზე პარიზელთა კონტრშეტევის დროს მარცხენა ფრთიდან ბრედლი ბარკოლამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მეკარე ემელიანო მარტინესმა უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო აშრაფ ჰაკიმიმ ანგარიში გახსნა – 0:1. 27-ე წუთზე ლუის ენრიკეს შეგირდების მორიგი კონტრიერიშის დროს, უსმან დემბელემ ინგლისელთა საჯარიმოში ნუნუ მენდეში მოძებნა, რომელმაც სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა.
34-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა, რასაც „ასტონ ვილას“ შეტევა მოჰყვა, რომელიც კარში დარტყმით მეტოქის საჯარიმოში მყოფმა იური ტილემანსმა დაასრულა, ბურთი კი პაჩოს მკერდში მოხვდა და კარში შევარდა – 1:2. 55-ე წუთზე ბირმინგემელთა კაპიტანმა მაკგინმა მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი და საჯარიმოსთან მიახლოებულმა „ცხრიანში“ ზუსტად გაგზავნა – 2:2.
ამის შემდეგ, უნაი ემერის გაწვრთნილებმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და მარკუს რაშფორდის ძალიან სახიფათო დარტყმა ჯანლუიჯი დონარუმამ გაანიეტრალა, რომელმაც პსჟ-ს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა. 57-ე წუთზე რაშფორდი ფრანგების საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ორ მოწინაამდეგეს გასცდა, რის მერე პასი კონსას გაუკეთა, რომელმაც „ასტონ ვილა“ დააწინაურა – 3:2.
წინ გასვლიდან ცოტა ხანში, მაკგინმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და დონარუმამ საუცხოო ნახტომში პსჟ გოლის გაშვებას გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მარკოს ასენსიონ იტალიელ მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა, დონარუმამ ესპანელის დარტყმული ბურთი მოიგერია.
შეხვედრის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების ორი რეალური შანსი პარიზელებსაც ჰქონდათ – ჯერ ჰაკიმი გაექცა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს და საჯარიმოში შესულმა მახვილი კუთხიდან მარტინეს ვერ გაუტანა, ხოლო შემდეგ ჟოაო ნევეშმა ანალოგიური რეიდი განახორციელა, თუმცა, არგენტინის ნაკრების მეკარეს ვერც მან აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მეორედ, ხოლო ბოლო 6 წლის მანძილზე მეოთხედ გავიდა. ფრანგები ფინალში გასასვლელად „რეალსა“ და ლონდონის „არსენა;ს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპიდებიან. პირველი შეხვედრა ლონდონელებმა შინ 3:0 მოიგეს.
ლაშა თაბაგარი





