ასათიანი: “ევროპაზე თამაშის კარგი შანსი გვაქვს”

0
6

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა, ძირითადი რაუნდის დასკვნით შეხვედრას 16 აპრილს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერს, საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ავთანდილ ასათიანი: „მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან ნაკრებთან რთული მატჩი გველის. ასეთი შეხვედრები ჩვენს მოთამაშეებს კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას შესძენს. პირველი ადგილის დაკავება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით.
პლეი-ოფის საგზურის განაღდება ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენას უზრდის. ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პერიოდში ისეთი მძიმე შეხვედრა, როგორიც კოსოვოსთან გვქონდა, არ მახსენდება. ამ შეხვედრაში გამოვლენილი ბრძოლისუნარიანობისთვის, მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო.
ქართული ფუტსალი სწორი გზით ვითარდება. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს ნაკრების ფორმით თამაშობენ, ვფიქრობ, კარგი მომავალი აქვთ. ამ გუნდს ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს“.
ნიკა ხარატიშვილი: „ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ამ შესარჩევ ციკლში მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ კოსოვოსთან რთულ მატჩში გოლი გავიტანე და სამი ქულა მოვიპოვეთ. პრიშტინაში გამარჯვებით პლეი-ოფში გავედით და გუნდში კარგი განწყობაა. საფრანგეთთან რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და ახლაც ასე იქნება“.
გიორგი ღავთაძე: „საფრანგეთის ძალიან ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით, პირველი ადგილის დასაკავებლად ოთხბურთიანი სხვაობით მოგება გვჭირდება, რაც რთული იქნება. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენი გუნდის ხუთ მოთამაშეს ყვითელი ბარათი აქვს და საფრანგეთთან გაფრთხილების შემთხვევაში, პლეი-ოფის პირველ მატჩს გამოტოვებს. ამიტომ, ოქროს შუალედი უნდა გამოვნახოთ, რომ ეს მატჩი კარგად ჩავატაროთ და გადამწყვეტ მატჩებს სრული შემადგენლობით შევხვდეთ“.