საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვაში მიმდინარე უფეას განვითარების თასი გამარჯვებით დაიწყო. ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპირდა და 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.
ჩვენი ნაკრებიდან მე-3 წუთზე ანგარიში სანდრო მიქაუტაძემ გახსნა, ხოლო მე-15 წუთზე ბალტიისპირელთა კარი გიორგი გორგაძემ აიღო. 49-ე წუთზე დუბლი მიქაუტაძემ შეასრულა, რომელმაც მე-60 წუთზე ჰეთ-თრიქი მიითვალა.
16-წლამდელები ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს აზერბაიჯანელ თანატოლებთან ჩაატარებენ.
კობახიძის შეგირდები მიმდინარე წლის შემოდგომაზე 17 წლამდე ნაკრების ეგიდით, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი განაგრძობს.
ლაშა თაბაგარი
