რუმინეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო. საჩემპიონო ჯგუფის მე-4 ტურში კრაიოველებმა ლიდერი ბუქარესტის „სტიაუა“ მიიღეს და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 74-ე წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატია“ 33 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში მე-3 ადგილზეა.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 27-ე ტურში „ნირედჰაზამ“ შინ „ფეჰერვარი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძლების განაცხადში ჩვენი ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი არ იყო, ისევე როგორც სტუმრებში – მცველი ალექსანდრე კალანდაძე. „ფეჰერვარი“ 30 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო „ნირედჰაზა“ 27 ქულით მეათეა.
ლაშა თაბაგარი
