„რეალის“ ფიასკო ლონდონში – დეკლან რაისის დღე

0
26

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონის „არსენალმა“ მადრიდის „რეალი“ მიიღო და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. სტუმართა ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას საუცხოო თამაში რომ არა, ანგარიშით გაცილებით დიდი იქნებოდა. მიკელ არტეტას გაწვრთნილმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯავ, რადგან გატანილი გოლების გარდა, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, როდესაც „რეალს“ მეტოქის კარის აღების რეალური შანსი პრაქტიკულად არ ჰქონია.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დეკლან რაისმა დაახლოებით 25 მეტრდან საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და ბურთი მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ გაახვია.
70-ე წუთზე რაისმა დაახლოებით იმავე მანძილიდან, ოღონდა სხვა ადგილიდან საუცხოოდ კიდევ ერთი ჯარიმა დაარტყა და კურტიას ისევ მარცხენა მაღალ კუთხეში გაუტანა, რაისი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფის ერთ მატჩში საჯარიმო დარტყმებიდან ორი გოლი გაიტანა. 75-ე წუთზე „არსენალის“ ლამაზი კომბინაცია საჯარიმოს ხაზიდან მიკელ მერინომ ერთი შეხებით მოჭრილი დარტყმით დაასრულა და ამჯერად, ბურთი კურტუასაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გავიდა.
„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგაში „რეალს“ მესამედ შეხვდა და ორჯერ დაამარცხა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. 2023 წლის მაისის შემდეგ, მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგაში 3 ან მეტი გოლი პირველად გაუშვეს. მაშინ, „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 დამარცხდნენ. “არსენალის” “რეალთან” გამარჯვების წყალობით, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე პრემიერლიგიდან 5 გუნდი ითამაშებს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 აპრილს მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგება.
ლაშა თაბაგარი