„ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში დიდი სენსაცია გამოცხო და სტუმრად მადრიდის „რეალი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა. „ღამურების“ წარმატებაში დიდი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
თამაშის მე-13 წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვინისიუს ჟუნიორმა შეასრულა და მამარდაშვილმა ბურთი ფეხით მოიგერია. ორ წუთში ალმეიდას გადაცემის შემდეგ, სტუმრებიდან ანგარიში მუხტარ დიაჰაბიმ გახსნა – 0:1. 50-ე წუთზე ვინისიუსმა ბელინგემის პასი გამოიყენა და საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „ვალენსიამ“ კარგი კომბინაცია გაითამაშა და მარჯვენა ფლანგიდან მადრიდელთა საჯარიმოში შეჭრილი რაფა მირის გადაცემის მერე, უგო დურომ თავით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2. ბოლო წუთზე „რეალის“ გადარჩენა ანტონიო რუდიგერის შეეძლო, რომელიც მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ქართველმა გერმანელის დარტყმული ბურთი მოიგერია. მანამდე, მამარდაშვილმა კილიან მბაპეს და ფედერიკო ვალვერდეს ურთულესი დარტყმები მოიგერია.
„ვალენსიამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. მამარდაშვილმა ამ სეზონში მეორე თერთმეტმეტრიანი მოიგერია (პირველად ეს “სელტასთან” მოახერხა), ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დაასახელეს. ის ტურის საუკეთესო მეკარე ორჯერ გახდა. მამარდაშვილი ესპანურ კარიერაში “რეალთან” მატჩში საუკეთესო მოთამაშედ მეორედ აღიარეს. მან პირველად ეს 2022-2023 წლების სეზონში მოახერხა, როდესაც ვალენსიელებმა მადრიდრული გრანდი შინ დაამარცხეს. ცნობისთვის, გასულ სეზონში ქართველმა მეკარემ სამი თერთმეტმეტრიანი აიღო.
„რეალი“ 63 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო „ვალენსია“ 34 ქულით მე-15 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





