გერმანიის თასის 1/2-ფინალში დიდი სენსაცია მოხდა. რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე ბილეფელდის „არმინიამ“ შინ ბუნდესლიგის მოქმედი გამარჯვებული ლევერკუზენის „ბაიერი“ 2:1 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად ფინალში გავიდა.
განვლილი შეხვედრის მე-17 წუთზე სტუმრები ტამ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ვიორლმა გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე გრობერმა „არმინია“ დააწინაურა. მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და ბილეფელდელები ფინალში „შტუტგარტსა“ და „ლაიფციგს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
„არმინია“ პირველი გუნდია, რომელიც გერმანიის პირველ ან მეორე ლიგაში არ გამოდიოდა და ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბუნდესლიგის 4 წარმომადგენელი ჩამოიშორა.
ბილეფელდელებმა „ბაიერთან“ შეხვედრამდე 1/16-ფინალში ბერლინის „უნიონი“ 2:0 დაამარცხეს, 1/8-ფინალში „ფრაიბურგს“ 3:1 აჯობეს, ხოლო 1/4-ფინალში ბრემენის „ვერდერს“ 2:1 სძლიეს.
2001 წლის შემდეგ, “არმინია” მე-3 ლიგის პირველი გუნდია, რომელიც გერმანიის თასის ფინალში გავიდა. მაშინ, ასეთი შედეგი “უნიონმა” აჩვენა და გადამწყვეტ მატჩში გელზენკირხენის “შალკესთან” 0:2 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი
