დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრებიდან გაუშვეს

0
13

დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
„დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს აღარ ხელმძღვანელობს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელების მას მადლობას უხდიან პროფესიონალიზმისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს. დღეიდან, მისი შემცვლელის ძებნას ვიწყებთ“ – ნათქვამია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ პრესრელიზში.
დორივალ ჟუნიორი მსოფლიო 5-გზის ჩემპიონს 2024 წლის იანვრიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებულ 16 მატჩიდან 7 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრაზილია სტუმრად არგენტინასთან 1:4 დამარცხდა. არგენტინა პირველი ნაკრებია, რომელმაც ბრაზილიას მუნდიალის შესარჩევში ორივე თამაში მოუგო. გარდა ამისა, არგენტინა პირველი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ თამაშში 4 გოლი გაუტანა. მანამდე, არგენტინამ ბრაზილია სამი ან მეტი ბურთის სხვაობით 1963 წლის 24 მარტს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა – 3:0.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა 31 ქულით სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლის 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ბრაზილია 21 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი