ლიონელ მესი: „ეს ნაკრები მხოლოდ ფეხბურთის მეშვეობით საუბრობს“

0
17

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ ბრაზილიასთან 4:1 გამარჯვებას და ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას გამოეხმაურა. მას განვლილ დაპირისპირებაში ტრავმის გამო არ უთამაშია.
„მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, სადაც არ უნდა იყოს, ეს ნაკრები მხოლოდ ფეხბურთის მეშვეობით საუბრობს. გილოცავ შესანიშნავად ჩატარებულ მატჩს და ასევე ურუგვაისთან გამარჯვებას“ – დაწერა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ლიდერმა სოციალურ ქსელში.
არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ ამერიკიდან პირველია, რომელმაც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის საგზური მოიპოვა.
არგენტინა პირველი ნაკრებია, რომელმაც ბრაზილიას მუნდიალის შესარჩევში ორივე თამაში მოუგო. გარდა ამისა, არგენტინა პირველი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ თამაშში 4 გოლი გაუტანა. მანამდე, არგენტინამ ბრაზილია სამი ან მეტი ბურთის სხვაობით 1963 წლის 24 მარტს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა – 3:0.
ლაშა თაბაგარი