საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2025-ისთავი მზადების ფარგლებში, თურქული შეკრების ფარგლებში დღეს მეორე მატჩს ალეკსანდრ კოლაროვის გაწვრთნილ სერბ თანატოლებთან ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ პირველ სპარინგში ჩვენმა ახალგაზრდულმა ფინელებს 4:2 დაამარცხა. გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.
მატჩისწინა ვარჯიშზე, მიმდინარე შეკრების შესახებ კომენტარი 21-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა – ნიკოლოზ უგრეხელიძემ და შემტევმა – ირაკლი ეგოიანმა გააკეთეს.
ნიკოლოზ უგრეხელიძე: „ფინეთთან თამაშის სტარტი არასასურველი იყო, თუმცა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და მალევე თამაშის შემობრუნება მოვახერხეთ და დამაჯერებლადა მოვიგეთ. სერბეთის ნაკრები ძლიერი და სტილით უხერხელი მეტოქე, მაგრამ ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ“.
ირაკლი ეგოიანი: „ძალიან მიხარია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ჩემი პირველი თამაში ჩავატარე. ფინეთი კარგი გუნდია, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან აგრესიულად ვითამაშეთ, ლამაზი გოლები გავიტანეთ და კარგად ვითამაშეთ. მზად ვართ და კარგად ვვარჯიშობთ. თეორიაზე სერბეთი გავაანალიზეთ, კარგი გუნდია, მაგრამ უნდა მოვიგოთ”.
საქართველო-სერბეთის დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
