შესარჩევში ესპანეთს ვერ ავცდით

0
23

საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში გაირკვა. მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა ერთა ლიგის 1/4-ფინალში დრამატულ ბრძოლაში ნიდერლანდება აჯობა და მომავალ შესარჩევში საქართველოს გარდა, როგორც თურქეთს, ასევე ბულგარეთს დაუპირისპიდება.
1/4-ფინალის პირველი მატჩუ როტერდამში 2:2 დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა ვალენსიაში ძალიან დაძაბული და სანახოებრივი აღმოჩნდა, რომლის ბედის პენალტების სერიაში გადაწყდა.
მატჩის მე-9 წუთზე ვან ჰეკემ თავის საჯარიმოში ოიარსაბალი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა თავად აქცია გოლად – 1:0. 54-ე წუთზე ესპანეელების საჯარიმოში მემფის დეპა ლე ნორმანთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა და არბიტრმა ძალიან საეჭვო პენალტი დადო, რომელიც დეპაიმ გამოიყენა – 1:1.
67-ე წუთზე ესპანელების სააუცხოო კონტრშეტევის და ნიკო ვილიამსის პასის შემდეგ, ვერბრუგენთან პირისპირ დარჩენილი ოიარსაბალის დარტყმული ბურთი ნიდერლანდელთა მეკარეს თავში მოხვდა, მაგრამ ესპანელმა ფორვარდმა ასევე თავით დაამატა და მასპინძლები დააწინაურა – 2:1.
79-ე წუთზე ხავი სიმონსმა მეტოქის საჯარიმოში მატსენი მოძებნა, რომელმაც ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. 103 წუთზე ლამინ იამალმა ბურთი ნიდერლანდელთა საჯარიმოში მიიღო და ერთი მცველი ჩამოცილების შემდეგ, ესპანელები ისევ წინ გაიყვანა – 3;2. 109-ე წუთზე ესპანელთა მეკარე უნაი სიმონმა თავის საჯარიმოში ნოა ლანგი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელის ხავი სიმონსმა ზუსტად შეასრულა – 3;3.
პენალტების სერიაში ესპანეთმა, რომელიც ასევე ერთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი 5:4 მოიგო და 1/2-ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს გერმანია და პორტუგალია შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევის პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს შინ თურქეთთან ჩაატარებს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი – თურქეთს. 15 ნოემბერს ვილი სანიოლის გაწვრთნილები ესპანელებს მიიღებენ, შესარჩევს კი 18 ნოემბერს ბულგარეთთან საშინაო თამაშით დაასრულებენ.
საქართველოს ნაკრები ესპანეთს ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდა, ხოლო ერთხელ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ეთამაშა. ერთხელ ესპანელებს ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში შეხვდით. გარდა ამისა, პირენელებთან ერთი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ სტუმრად, რომელიც მოვიგეთ ხოლო დანარჩენი 7 წავაგეთ.
ლაშა თაბაგარი