თომას ტუხელი: „უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია“

0
4

თომას ტუხელს მიაჩნია, რომ ინგლისის ნაკრებს უკეთესად თამაში შეუძლია. ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ ალბანეთთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომლის მისთვის სადებიუტო აღმოჩნდა.
„ჩვენ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენმა გუნდმა კარგი სტარტი აიღო – 7-8 წუთი ბურთის ასპროცენტიანი ფლობა გვქონდა, ბევრ გადაცემას ვაკეთებდით და ენერგიულად გამოვიყურებოდით.
მეტოქის გატეხვა რთული იყო, რადგან თავს დაბალი ბლოკით იცავდა. ჩემი აზრით, მეორე ტაიმში ძალიან ნელა ვმოქმედებდით და ბურთით არასაკმარისად დავრბოდით“ – იუწყება ტუხელის ნათქვამს BBC.
განვლილი შეხვედრის მე-20 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ლუის-სკელიმ გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე ალბანელთა კარი ჰარი კეინმა აიღო.
ტუხელი ინგლისის ნაკრებს სათავეში 2025 წლის 1 იანვარს ჩაუდგა. გერმანელმა სპეციალისტმა წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა – მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე.
ლაშა თაბაგარი