19-წლამდელებმა ელიტ რაუნდში პირველი თამაში მოიგეს

0
13

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლასა ფირცხალაიშვილი წვრთნის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში პირველი მატჩი მოიგო. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში პოლონეთთან 0:3 წავაგეთ.
მე-2 ჯგუფის მეორე ტურში ჩვენი 19-წლამდელები „მიხეილ მესხი 2“-ზე სლოვაკ თანატოლებს შეხვდნენ და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხეს.
37-ე  წუთზე სლოვაკი ფეხბურთელი საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და ჩაწოდების შემდეგ მეკარე ლუკა ხელაშვილმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც კოშამ დაარტყა, ხოლო გიორგი ნიკოლაიშვილმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.
ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, სლოვაკების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ლევან ნაჭყებიამ მახვილი კუთიდან დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
ცოტა ხანში, ნაჭყებიამ კარგი პასი მისცა ვახტანგ სალიას, რომელმაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში საქართველოს ნაკრების შეტევა საჯარიმოში ჩაწოდებით და თავური დარტყმით დასრულდა, მაგრამ სლოვაკების მეკარემ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში სლოვაკი ფეხბურთელი პირისპირ გადიოდა ხელაშვილთან, რომელმაც კარი დროულად დატოვა და საჯარიმოს გარეთ გასულმა ხიფათი განმუხტა.
მეორე ნახევრის შუაწელში ჩევნი გუნდის კუთხურისა და თავურის მერე, სლოვაკმა მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია და კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი გაანეიტრალა.
67-ე წუთზე საბა ხარებაშვილმა კუთხური შეასრულა და გიორგი ნიკოლაიშვილით თავით დარტყმული ბურთი სლოვაკ ფეხბურთელს შეეხო, რის შემდეგ კარგში აღმოჩნდა – 0:1.
90-ე წუთზე აუტის ჩაწოდების შემდეგ, ნიკა ჩიქოვანმა სლოვაკების საჯარიმოში მიიღო ბურთი, სადაც ჯერ მცველს აუარა გვერდი, შემდეგ კარიდან გამოსულ მეკარეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 25 მარტს „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩერნოგორიასთან ჩაატარებს, რომელმაც პოლონეთი 1:0 დაამარცხა და 4 ქულით ლიდერია. პოლონელები 3 ქულით მეორე პოზიციაზე არიან, ხოლო ქართველები ამდენივე ქულით- მესამეზე. სლოვაკეთს მხოლოდ ქულა აქვს და ბოლოა.
მატჩის ოქმი – საქართველო 2:0 სლოვაკეთი
ლაშა თაბაგარი