საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძისთვის ფეხბურთელთა მენტალური მზადყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ ანთალიაში მიმდინარე შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში ფინეთთან 4:2 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: „ფინეთი საკმაოდ სერიოზული მეტოქეა, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. ვიცოდით ამ გუნდის ძალა. ზოგადად, ასეთი ტესტ-მატჩები ჩვენთვის ძალიან კარგია. ეს შეკრება და ყოველი ამხანაგური მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატამდე გვექნება, ეს მზადების ნაწილია. იქნება პოზიციის ბევრი ცვლა, ექსპერიმენტები, ბიჭებმა ამის შესახებ იციან. ყველას მიეცემა თამაშის საშუალება. დანარჩენი ჩვენს ხელშია, ჩვენი ფეხბურთელების ხელშია. ერთადერთი და მთავარი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
შეკრება ძალიან კარგად მიმდინარეობს, ეს შეკრება ჩვენთვის აუცილებელი იყო, მაგრამ მთავარია, მენტალური მზადყოფნა, რომელიც ყოველთვის გვქონდა და დღევანდელ თამაშშიც ვაჩვენეთ. პირველი ტაიმის შემდეგ თამაში შემოვატრიალეთ. ეს ხასიათი ძალიან გვეხმარება წინსვლაში, ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია პროგრესი ზოგადად, ცხოვრებაში, არა მარტო ფეხბურთში. მათ ეს ძალიან კარგად იციან და უფრო მეტს ველოდები ევროპის ჩემპიონატზე, სადამდეც დიდი დრო აღარაა დარჩენილი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად გაგრძელდეს“.
გიზი მამაგეიშვილი: „რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ მატჩს. მოვიგეთ და იყო მომენტები, რომლებიც ამ შეკრებაზე დავამუშავეთ. სასიამონო იყო ისიც, რომ ხასიათი და მენტალიტეტი გამოვავლინეთ. ასეთ ძლიერ მეტოქესთან მოგება სასიამოვნოა. ხარისხი უფრო და უფრო უმჯობესდება, კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია, ამ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს და ვფიქრობ, მწვერვალი, რაც ამ გუნდს შეუძლია, ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვაჩვენოთ“.
დავით გოცირიძე: „ძალიან მოხარული ვარ, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცა და მნიშვნელოვან გამარჯვებაში წვლილი შევიტანე. იმედია, უფრო მეტი დრო მომეცემა და უფრო გამოვიყენებ შანსს“.
ლაშა თაბაგარი





