საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რომელიც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის თურქეთში ემზადება, პირველი ამხანაგური შეხვედრა ფინელ თანატოლებთან ჩაატარა და ორბურთიანი სხვაობით მოიგო.
24-ე წუთზე ფინელებმა კუთხური გაითამაშეს და პასი საჯარიმოში გააკეთეს, სადაც მათი ფეხბურთელის თავით დარტყმული ბურთი ჩვენმა მცველმაც თავით მოიგერია, ხოლო ლუკა ჰურულაინენმა ჰაერიდან დაარტყა და ანგარიში გახსნა 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში საბა მამაცაშვილმა კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში ბურთი გიორგი მაისურაძეს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა.
50-ე წუთზე მამაცაშვილმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართანბ ჩაჰკიდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა საბა ხვადაგიანმა თავით გაიტანა – 1:1.
55-ე წუთზე ფინელების მეკარემ ცუდი პასი მისცა თავის მცველს, რომელმაც ბურთი ვერ გააჩერა და გიზო მამაგეიშვილმა სააჯრიმოს გარედან ერთი შეხებით კარი აიღო – 1:2. მე-60 წუთზე მამაცაშვილმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში „ჩაახვია“ – 1:3.
63-ე წუთზე ფინელების ჩაწოდებული კუთხურის მერე, ლუკა ხარატიშვილმა გამოსვლაზე ბურთი კარგად ვერ მოიგერია და ცუდად დაეცა, მაგრამ მაინც მოახერხა ფინელის დარტყმულზე რეაგირე და გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
68-ე წუთზე ტალვიტიე ნიკა უგრეხელიძეს გაექცა, რომელის ვერცერთმა თანაგუნდელმა დააზღვია და საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა – 2:3.
88-ე წუთზე ფინელმა მცველმა უხეიროდ მოიგერია ბურთი, რომელიც ოთარ მამაგეიშვილმა აართვა და საჯაიმოში შესულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:4.
საქართველოს ნაკრები თურქეთში მეორე ამხანაგურ თამაშს სერბეთთან ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ფინეთი-საქართველო 2:4(1:0)
22 მარტი. თურქეთი. კალისტას საფეხბურთო ცენტრი.
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი (კ), უგრეხელიძე, მამაცაშვილი, (რუხაძე, 75) მაისურაძე (ოდიშვილი, 90), ოდიშარია (გიზო მამაგეიშვილი, 46), კვერნაძე (გოცირიძე, 75), სიგუა (აბუაშვილი, 46), გაგნიძე, ეგოიანი (ოთარ მამაგეიშვილი, 46).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლი: 1:0 ჰურულაინენი (24), 1:1 ხვადაგიანი (50), 1:2 გიზო მამაგეიშვილი (55), 1:3 მამაცაშვილი (60), 2:3 ტალვიტიე (68), 2:4 ოთარ მამაგეიშვილი (90)
მთავარი მსაჯი: ჰალილ ოზაი (თურქეთი).
ლაშა თაბაგარი
