საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლასა ფირცხალაიშვილი წვრთნის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი წარუმატებლად დაიწყო.
მე-2 ჯგუფის პირველ ტურში ჩვენი გუნდი თბილისში „მიხეილ მესხი 2“-ზე პოლონეთს შეხვდა და 0:3 წააგო. მატჩის მე-17 წუთზე ერიკ გშივაჩის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა მიხალ გურგულმა დაარტყა და უცნაური ტრაექტორიით წასული ბურთი მათე საურმა ახლო კუთხეში გაუშვა – 1:0. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე შეცდა.
პირველი ტაიმის მიწურულს საბა ხარებაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც პოლონელმა მცველმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც კართან ახლოს მდგომმა საბა სამუშიამ თავით ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, პოლონელების შეტევის დროს ქართველმა მცველებმა ბურთი კარგად ვერ მოიგერიეს და მაქსიმილიან შნაუცნერმა დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, ხოლო საურის მორიგი შეცდომის შემდეგ ანგარიში გაიზარდა – 2:0.
54-ე წუთზე პოლონელმა მცველმა თავის ნახევარზე ჩვენი გუნდის კაპიტანი საბა გეგუჩაძე აშკარად წააქცია, მაგრამ მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა, ხოლო მეტოქის კონტრშეტევის დროს რატი გრიგალავამ საჯარიმოში დანიელ მიკოლაევსკი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. მიკოლაევსკიმ თერთმეტმეტრიანი გოლად თავად აქცია.
84-ე წუთზე თემურ ოდიკაძე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში იან ფაბერსკის ეუხეშა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დადო. ფაბერსკის დარტყმული საურმა მოიგერია.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-2 თამაშს 22 მარტს სლოვაკეთთან ჩაატარებს, რომელიც დღეს ჩერნოგორიას უგოლო ფრეზე გაეყარა.
ცნობისთვის, ელიტ რაუნდის 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებულები გადიან.
ლაშა თაბაგარი
