საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენმა“ 9-მატჩიანი მოუგებელი (4 ფრე და 5 წაგება) სერია შეწყვიტა და ეს ზურიკო დავითაშვილის დამსახურებაცაა.|
26-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და 63-ე წუთზე, როდესაც 2:0 იგებდა, მასპინძლების გულშემატკივრებმა სტადიონზე სხვადასხვა საგნები ისროლეს, მათ შორის სავარძლები. გარდა ამისა, იმ ტრიბუნაზე, სადაც ისინი ისხდნენ, ცეცხლი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა. ამის გამო, მსაჯმა მატჩი გააჩერა და აღარ გაუგრძელებია.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ სასტარტოში იყო და მე-7 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 53-ე წუთზე სტასინს მეორე გოლი გაატანინა.
„სენტ-ეტიენი“ 20 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი
