ვილი სანიოლი: “კვარაცხელია პსჟ-ში ბედნიერია”

0
20

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია “პარი სენ ჟერმენში” ბედნიერია, რაც მისი თამაშიდან სჩანს. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფში სომხეთთან გასამართ მატჩებამდე, დღეს სასტუმრო “თბილისი პარაგრაფში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო..
ვილი სანიოლი:“შემოდგომაზე ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გადაღლილი იყო. კვარაცხელიამ, დავითაშვილმა და ბევრმა სხვამ უამრავი მატჩი ჩაატარეს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიური დაღლილობაც ეტყობოდათ. კაშია და კვარაცხელია პირველ თამაშს გამოტოვებენ, მაგრამ ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან. ორი გამორჩეული ფეხბურთელი – ერთი კაპიტანი, მეორე შეტევის ლიდერი. რაც შეეხება გოგლიჩიძეს: როდესაც გადავწყვიტე ეთამაშა, მან ტრავმა მიიღო, ახლა კარგ ფორმაშია და მოუთმენლად ველი მის პირველ თამაშს. შემიძლია გითხრათ, რომ გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
ეს მატჩები ისტორიულია: წინ კავკასიური დერბი გველოდება. A დივიზიონისთვის მზად არ ვართ, თუმცა, ვფიქრობ, რომ C დივიზიონშიც არ არის ჩვენი ადგილი. ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ ამ თამაშებისთვის. კაშიას არყოფნაში გუნდს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ის კლუბშიც კაპიტანია და იცის, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი.
ხვიჩას ტრანსფერზე ბევრი დაიწერა და ითქვა. რაც მთავარია, ეტყობა, რომ ბედნიერია. ვხედავთ, რამდენს მოძრაობს მოედანზე, როგორც დაცვაში ისე შეტევაში – ახლა ნაკრებშიც იმავეს ველი ხვიჩასგან, რასაც პსჟ-ში აჩვენებს.
თავიდანვე ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდათ. გიორგი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელსაც დასვენება სჭირდება. ფაქტობრივად 2 წელია არ შეუსვენია და ეს მის სათამაშო ფორმასაც დაეტყო. ყველამ კარგად ვიცით მისი შესაძლებლობები და მჯერა, რომ საუკეთესო ფორმას აღიდგენს.
მოგეხსენებათ, სომხეთს ახალი მწვრთნელი ჰყავს – რთულია მასზე კონკრეტულად რამის თქმა. ვან’ტსხიპის ფორმაციის აიაქსი და საბერძნეთი 4 მცველით თამაშობდნენ – კომპაქტური დაცვის ხაზით, თუმცა სომხეთის ნაკრების რესურსით რთულია იმის თქმა, რა ფეხბურთს ითმაშებს. სჯობს ჩვენს თამაშზე ვკონცენტრირდეთ.
ეროვნული ლიგიდან ბოლო წლებში ბევრი მოთამაშე გადავიდა საზღვრებს გარეთ. ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სად თამაშობს ფეხბურთელი, მთავარია, კარგ ფორმაში იყოს და ნაკრებს დაეხმაროს კარი ყველასთვის ღიაა, როგორც ეროვნული ლიგის ფეხბურთელებისთვის, ისე ლეგიონერებისთვის.
ვფიქრობ, ლაცაბიძე ძალიან კარგად მუშაობს, შრომობს და ეროვნული ნაკრების მომავალია. შეიძლება მისი გამოძახება ადრეა, თუმცა მან უნდა ისწავლოს, როგორ თამაშობს ეროვნული ნაკრები. აი, ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ გამოვიძახეთ ის ახლა – მე უკვე ვფიქრობ მომავალზე და უნდა შევხედო, რა შეუძლია.
რადგან ისინი ჩვენთან ერთად არ არიან, ამას აქვს გარკვეული მიზეზები – გუნდი უნდა გაახალგაზრდავდეს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად 3 მცველით ვითამაშეთ და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან კარგი და მოქნილი სქემაა, თუმცა შეიძლება ესეც შეიცვალოს. 3-მცველიანი ტაქტიკა ცოტა მოუქნელია თამაშის მიმდინარეობისას როტაციებისთვის და ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ.
მთავარი ყოველთვის არის ფეხბურთელი, მისი ფორმა და ის, თუ როგორ მოერგება სათამაშო სისტემას. ჩემი, როგორც მწვრთნელის საქმეა, გამოვიყენო რესურსი რაც შეიძლება კარგად და მოვერგო ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობებზე.
ევრომდე და ევროზე გატარებული 40 დღის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი უსიამოვნო ინციდენტი. კარიერის მანძილზე არაერთხელ გამომიცდია გუნდში კონფლიქტი და უსიამოვნო შემთხვევები, საქართველოს ნაკრებში კი ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა. ისინი აცნობიერებენ პასუხისმგებლობას გუნდისა და სამშობლოს წინაშე და ვფიქრობ, ამაზე არც მომავალში გვექნება პრობლემა. ჩემი მთავარი გზავნილი ესაა – გულშემატკივრის გარეშე ჩვენ იმას ვერ გავაკეთებდით, რაც აქამდე შევძელით. ჩვენი ერთი გუნდი ვართ, ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული. ძალიან ვაფასებთ ჩვენს გულშემატკივარს და მათ გვერდით დგომას.
ხვიჩას ვერცერთი კონკრეტული ფეხბურთელი ვერ შეგვიცვლის – ის უნიკალურია. გვყავს სხვა მოთამაშეები, რომლებსაც სხვა კარგი უნარები გააჩნიათ – ჩაკვეს, დავითაშვილს. მოგვიწევს ტაქტიკურად გარკვეული გადაადგილებები, ეს ყველაფერი სხვა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის კარგ შესაძლებლობას მისცემს.
არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ 21-წლამდეთა ნაკრებთან შეთანხმებულად ვმუშაობთ. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრებია, მაგრამ მომავალი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ქართული ფეხბრუთისთვის და გავითვალისწინებ რამაზ სვანაძის თხოვნებს. ეს არასდროს ყოფილა პრობელემა. ერთმანეთთან ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს და, ვფიქრობ, მომავალშიც არ იქნება პრობლემა არ კუთხით.
“ემპოლიში” 3 მცველში, მარჯვნივ თამაშობს. ეს პოზიცია მას მეტ თავისუფლებას აძლევს. მარჯვნივ წნეხი ნაკლებია, ვიდრე ცენტრში, თუმცა საბა იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა ითამაშოს, ძალიან კარგად მოერგება გუნდს, ტაქტიკას და ფეხბურთელებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საუბარი ჯერ ადრეა – წინ სომხეთთან გასამართი პლეი ოფია, ამაზე ვკონცენტრირდეთ. საკვალიფიკაციო ეტაპზე ივნისში დამისვით კითხვა და შემდეგ გიპასუხებთ”.
ალექსანდრე იაშვილი: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დინამო არენაზე დაბრუნება. პრინციპული მატჩები გველის, რადგან B ლიგაში დარჩენა და ძლიერ მეტოქეებთან თამაში მნიშვნელოვანია ნაკრების განვითარებისთვის. ამიტომ, წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია და დინამო არენაზე შეკრებული გულშემატკივარი დიდი ძალაა ჩვენთვის. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, დინამო არენაზე პირველად ვითამაშებთ და ამ სტადიონზე დაბრუნება გვახარებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცია ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალური მატჩები ჰქონდა და ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შეუერთდნენ. ახლა კი, ზაფხულში ეროვნულ გუნდს მხოლოდ ამხანაგური მატჩები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ”.
საქართველოს ნაკრების პლეი-ოფის პირველ შეხვედრას ერევანში 20 მარტს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო მატჩი 23 მარტს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შედგება.
ლაშა თაბაგარი