ნიკო კოვაჩი: „ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ“

0
12

ნიკო კოვაჩს მიაჩნია, რომ დორტმუნდის „ბორუსიამ“ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ სტუმრად ფრანგულ „ლილთან“ 2:1 გამარჯვების და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„თამაშს 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ. ხუთი წუთის გასვლის შემდეგ ვაგებდით, მაგრამ ჩემმა გუნდმა მაღალი დონე აჩვენა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. აგრესიულები ვიყავით და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით.
ეს სწორედ ისაა რაც მომწონს და მინდა. ჩემი გუნდისგან სწორედ ამას ველოდები. მიხარია, რომ გუნდმა თავი სხვა კუთხით წარმოაჩინა. „ლილს“ თავის ფეხბურთის ჩვენების საშუალება არ მივეცით და უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ყოველთვის არის, მაგრამ მისი გამორჩევა არ მინდა, რადგან მთავარი გუნდია“ – იუწყება გერმანული მედია ხორვატი სპეციალისტის ნათქვამს, რომლის გუნდი 1/4-ფინალში „ბარსელონას“ შეხვდება.
„ბორუსია“ პირველ თამაშს 9 აპრილს სტუმრად ბარსელონაში ჩაატარებს, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 15 აპრილს დორტმუნდში შედგება.
ლაშა თაბაგარი