კარლო ანჩელოტი: „ჩვენს მიზანს მივაღწიეთ“

0
16

კარლო ანჩელოტის თქმით, „რეალის“ მიზანი „ატლეტიკოსთან“ მატჩში ანგარიშში მცირე უპირატესობის მიღწევა იყო, რაც მოახერხეს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდულ დერბიში „რეალმა“ შინ მეტოქეს 2:1 აჯობა. მე-4 წუთზე როდრიგომ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, მარჯვნიდან ცენტრისკენ შემოწეულ ერთ მეურვეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0.
32-ე წუთზე ხულიან ალვარესი მარცხნიდან საჯარიმოში შეიწია და მას მერე არც ერთი მცველი ჩამოიშორა, შორეულ კუთხეში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.
55-ე წუთზე ბრაჰიმ დიასი „ატლეტიკოს“ საჯარიმოში ორ ფეხბურთელს შორის „გაძვრა“ და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:1.
„ატლეტიკოსთან“ როგორც ყოველთვის რთული თამაში იყო, რაც ნორმალურია. ჩვენ კარგად დავიწყეთ, ხოლო შემდეგ ხულიანმა საუცხოო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ. ჩვენი მიზანი ანგარიშში მცირე უპირატესობის შექმნა იყო, რასაც მივაღწიეთ.
თავდაპირველად ფლანგებიდან თამაშს ვაპირებდით, სადაც ვინისიუსი და როდრიგო გვყავს. პირველი შეტევა გამოგვივიდა, თუმცა შემდეგ მოთმინება არ გვეყო. თამაშის ფორსირებას ვახდენდით, არადა, იმავე სულისკვეთებით უნდა გვეთამაშა და მეტოქე მის ნახევარზე შეგვეჩერებინა.
„ატლეტიკო“ დრო და დროს თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ ბევრი საგოლე მომნენტი არ შეუქმნია. კამავინგას ზურგი ტკიოდა და ამიტომ შევცვალეთ. მოედანზე მოდრიჩი შევუშვით, რომ თავისი ოსტატობის დონე ეჩვენებინა.
ვფიქრობ, მცირე უპირატესობა გვაქვს და საპასუხო თამაშს მოუთმენლად ველოდები. რთული შეხვედრა გველოდება, რადგან „ატლეტიკოსგან“ მეტი წნეხი გვექნება, მაგრამ თანაბარ თამაშს ველოდები.
ეს 1/8-ფინალია, თუმცა შესაძლოა ნახევარფინალი ან ფინალი ყოფილიყო. ცვენ არ გვიხარია, რომ „ატლეტიკოს“ ვეთამაშებით და მიმაჩნია, რომ არც „ატლეტიკოს“ ახარებს 1/8-ფინალში „რეალთან“ დაპირისპირება“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
“რეალმა” ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე 500 შეხვედრა ჩაატარეს – 302 მოიგეს, 85 ფრედ დაასრულეს და 113 წააგეს.
“რეალმა” ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის გამოკლებით 300 თამაში მოიგო, რაც ყველა კლუბებს შორის საუკეთესო შედეგია. ბოლო 9 მატჩის განმავლობაში “სამეფო კლუბმა” “ატლეტიკოს” ძირითად დროში პირველად აჯობა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 მარტს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება.
ლაშა თაბაგარი