ჩაკვეტაძის გუნდის ქულა „სტოკთან“, გუგეშაშვილმა პენალტი მოიგერია

0
49

„უოტფორდი“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე გამო9დის, ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ, 35-ე ტურში ქულა სტუმრად „სტოკ სიტისთან“ აიღო.
ორი ტაიმის განმავლობაში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
ჩაკვეტაძემ 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 76-ე წუთზე შეცვალეს. „უოტფორდი“ 49 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგის 25-ე ტურში “პანსერაიკოსმა”, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს, შინ “კალითეა” 2:1 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და 72-ე წუთზე პენალტი კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გოლი მაინც გაუტანეს. მასპინძლებმა 90-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს და ლუკამ 3 ქულის აღება ძალიან ემოციურად აღნიშნა.
25 წლის გუგეშაშვილმა მიმდინარე სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში გოლი 4-ჯერ არ გაუშვა, ხოლო ამდენჯერვე გუნდს უკაპიტნა.
“პანსერაიკოსი” 25 ქულით 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი