ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

0
60

დამოუკიდებელი საქართველოს 37-ე ეროვნულმა ჩემპიონატმა ფეხბურთში სტარტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აიღო, სადაც ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ „თელავს“ დაუპირისპირდა.|
მატჩის მე-20 წუთზე თელაველთა მცველი ფირუზ გაბიტაშვილი მასპინძელთა ნახევარმცველ გიორგი ქობულაძეს ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა და წითელი ბარათი მიიღო. ქობულაძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ხოლო მის ნაცვლად თამაშში გიორგი ტაბატაძე ჩაერთო. „იბერიას“ შუახაზელმა ჭრილობა მუხლზე მიიღო და გასაკერი აქვს.
გაბიტაშვილის გაძევების შემდეგ, „თელავის“ თავკაცმა ვალერი გაგუამ, რომელიც კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა, შემტევი ნახევარმცველის ვატო არველაძის ნაცვლად, თამაშში მცველი დავით გოგოტიშვილი ჩართო.
ტაიმის შუაწელში სურინამის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დორასო კლასმა ბურთი „თელავის“ საჯარიმოში მიიღო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და ლევან თანდილაშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა,
36-ე წუთზე სურინამის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დორასო კლასმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, რის შემდეგ, საჯარიმოში გიორგი ტაბატაძეს მოუვიდა, რომლის დარტყმული სტუმართა თანდილაშვილმა მოიგერია.
მსაჯის მიერ ტაიმისთვის დამატებულ წუთებში ირაკლი სიხარულიძეს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, როდესაც კარის ახლოდან ვარდნაში დაარტყა, მაგრამ ისევ თანდილაშვილმა იყოჩაღა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში დორასო კლასმა პასი არ დაუგვიანა სტუმრების საჯარიმოში გახსნილ გიზო მამაგეიშვილს, რომელმაც კარიდან გამოსულ თანდილაშვილს დაასწრო და მას მერე რაც ბურთი მკერდით გაისწორა, ანგარიში გახსნა – 1:0. ამ ეპიზოდში თელაველტა მეკარემ გამოსვლა დააგვიანა.
54-ე წუთზე ანგარიშის გაზრდა იური ტაბატაძეს შეეძლო, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით კარში დაარტყა და თანდილაშვილმა ბურთი მოიგერია. ამის შემდეგ, თანდილასვილმა კარი უკვე გიორგი ტაბატაძეს არ დაანება.
74-ე წუთზე დორასო კლასის პასის მერე, გიორგი ტაბატაძე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი თანდილაშვილს ფეხებს შორის გაუძვრა – 2;0. გიორგი ტაბატაძემ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
82-ე წუთზე „იბერიას“ შეტევის დროს გიორგი ჯინჯოლავამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და იური ტაბატაძემ ვარდნაში თავით დაარტყა, თუმცა თანდილაშვილმა ფეხით ბურთი უკუაგდო.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „იბერიამ“ ახალი სეზონი 3 ქულით დაიწყო.
იბერია 1999 2:0 თელავი
ლაშა თაბაგარი