გოჩოლეიშვილმა ზივზივაძეს მოუგო და 1/8-ფინალშია

0
5

„კოპენჰაგენი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში გავიდა. დანიელებმა პლეი-ოფის პირველი მატჩში შინ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმთან“ 1:2 წააგეს, მაგრამ სტუმრად საჭირო სხვაობით გაიმარჯვეს და ტურნირში დარჩნენ.
მე- 17 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ზივზივაძემ თავით კარის მიმართულებით დაარტყა, მაგრამ ააცილა. 30-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ელიუნუსს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ბურთი ფელერმა მოიგერია.
37-ე წუთზე დანიელების შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა დაიკსმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ჩიახამ დასწრებაზე თავით კარგად ითამაშა – 0:1.
მე-40 წუთზე „კოპენჰაგენის“ საჯარიმოში მდგომმა ზივზივაძემ ბურთი მიწაზე დაუშვებლად ძლიერად ვერ დაარტყა და მეკარეს პრობლემა არ შექმნია.
50-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ საჯარიმოში შეჭრილ გოჩოლეიშვილს ფორენბახი ფეხები ჩაუვარდა და წააქცია, ხოლო მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პენალტი დანიშნა. დაიქსმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა  – 0:2.
62-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი კართან ახლოს ჩაჰკიდეს და ზივზივაძის თავურის შემდეგ, რამაიმ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
68-ე წუთზე პირინგერმა მოწინააღმდეგის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი და კარიდან წინ გამოსულ რამასისაც გვერდი აუარა, ხოლო მისი დარტყმის შემდე დანიელები გოლის გატანისგან კარის ხაზზე მდგომმა მცველმა იხსნა.
74-ე წუთზე ლეო სკიენზამ დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2.
ძირითადი დროის მიწურულს „ჰაიდენჰაიმმა“ კუთხური ჩააწოდა და მაინკას თავურის შემდეგ, ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში სკიენზამ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და გვერდითი ძელიდან ასხლეტილი ბურთი მეკარეს თავში მოხვდა, რის შემდეგ მოედანი დატოვა.
გოჩოლეიშვილი პირველი დამატებული ტაიმის დასრულების შემდეგ შეცვალეს. 114-ე წუთზე „კოპენჰაგენის“ კონტრშეტევის დროს „ჰაიდენჰაიმის“ მცველები თავის საჯარიმოსთან ძალიან უხეშად შეცდნენ და გოჩოლეიშვილის ნაცვლად მოედანზე შესულმა უესკასმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა – 1:3. უესკასს მატჩის ბოლო წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი