„რეალმა“ „სიტი“ ჩემპიონთა ლიგას ისევ გამოთიშა- მბაპეს ჰეთ-თრიქი

0
5

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ შინ „მანჩესტერ სიტი“ 3:1 დაამარცხა. მატჩის გმირი კილიან მბაპე აღმოჩნდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, როდესაც რაულ ასენსიოს შორეული გადაცემის შემდეგ, ორ მცველს შორის კარგად გაერკვა და კარიდან წინ გამოსულ ედერსონს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.
33-ე წუთზე „რეალის“ კონტრშეტევის დროს, ვინისისუს ჟუნიორმა მოძებნა სტუმართა საჯარიმოში მბაპე, რომელმაც ფინტით ერთი მეტოქე ჩამოიცილა და დუბლი მიითვალა.
61-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა მბაპემ მარჯვენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია, ერთ მოწინააღმდეგეს გაცდა და „ცაციათი“ ედერსონს შორეულ კუთხეში გაუტანა.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე მარმუშმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ზედა ძელიდან გადმოვარდნილ ბურთს ნიკო გონსალესმა დაამატა.
გამომდინარე იქიდან, რომ „რეალმა“ პირველი თამაში სტუმრად 3:2 მოიგო, შესაბამისად 1/8-ფინალში გავიდა. მადრიდელებმა კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ბოლო 4 სეზონიდან პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას 3-ჯერ გამოთიშეს.
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ 1/8-ფინალში ზედიზედ 28-ედ გავიდა, რაც ევროპაში საუკეთესო სერიაა.
გვარდიოლა მწვრთნელის რანგში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2-ფინალში პირველად ვერ გავიდა. ის „ბარსელონაშინ“ და „ბაიერნში“ მუშაობის პერიოდში მინიმუმ 1/2-ფინალში თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი